ილია ჭავჭავაძის საიუბილეო დღეები ჰერეთში – სპექტაკლ „საუკუნის მკვლელობას“ ალიბეგლომ უმასპინძლა

ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წლის აღნიშვნა ჯერ კიდევ აპრილიდან პირველებმა დაიწყეს „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდმა“ და საზოგადოებრივ-შემოქმედებითმა გაერთიანება „ეროვნულმა იმპერატივმა“. მათ  ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო წლის ფარგლებში ათეულობით ღონისძიება განახორციელეს.
აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციების ინიციატივით, ილიას იუბილის აღნიშვნა პირველად გასცდა დედაქალაქისა და ილიას მუზეუმების ფარგლებს,  საქართველოს რეგიონები მოიცვა და ილიას საიუბილეო პროექტით მოიარა საქართველოს 21 მუნიციპალიტეტი.
ამჯერად კი, „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდისა“ და „ეროვნული იმპერატივის“ მიერ, პროექტით – „ილია ჭავჭავაძე 180 – უკვდავების ფენომენი“, რომლის მხარდამჭერი იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო,  ქართველთა სულიერი მამის და უდიდესი ავტორიტეტის ილია ჭავჭავაძის იუბილე,  პირველად 110 წლის მანძილზე (ზუსტად 110 წლის წინ წიწამურში მოკლეს ილია) საქართველოს საზღვრებს გარეთაც აღინიშნა.
ისტორიულ ჰერეთში, ამჟამად აზერბაიჯანის რესპუბლიკის, კახის რაიონის, ქართველებით ჭარბად დასახლებულ სოფელ ალიბეგლოში 14 ნოემბერს მთელი დღის მანძილზე ილია ჭავჭავაძის საიუბილეოდ სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობდა.
პროექტი დაიწყო საჯარო ლექციებით ილიას თემაზე, მწერალმა და კრიტიკოსმა ივანე ამირხანაშვილმა და პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა ვრცლად ისაუბრეს ილიას როგორც შემოქმედებით, ისე საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე. შედგა გიორგი სავანელის პიესის, ილიას შესახებ ახალი მხატვრული ნაწარმოების ბეჭდური წიგნის – „საუკუნის მკვლელობა – გზა ილიასი“ რეპრეზენტირება. 
ადგილობრივმა მოსახლეობამ ილიას პოემის „აჩრდილის“ ხელნაწერი ეგზემპლარი შექმნა, ხელით გადაწერა. ალიბეგლოს ქართული სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოეში მოეწყო გამოფენა – „ილია სახვით ხელოვნებაში“, რომელიც აერთიანებდა ცნობილი თანამედროვე სახვითი ხელოვნების არტისტების მიერ შექმნილ ილიას სკულპტურებს, ფერწერულ ნამუშევრებსა და ხატწერის ნიუშებს.
პროექტის დასასრულს, წარმოდგენილი იქნა სპექტაკლი „საუკუნის მკვლელობა“, რომელიც მესამე სეზონია ნ. დუმბაძის სახ. მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის რეპერტუარშია.
როგორც „კვირას“ „ეროვნული იმპერატივის“ წარმომადგენელმა, პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი სავანელმა განუცხადა, პროექტის განხორციელებას ჰერეთის ქართველებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც სოციალ-პოლიტიკური, ისე ეროვნული და კულტუროლოგიური თვალსაზრისით. „ილიას საიუბილეო პროექტი, რომელიც სექტემბრის ბოლოსათვის იყო დაგეგმილი, აზერბაიჯანის მხრიდან რიგი მიზეზების გამო გადაიდო და, საბედნიეროდ, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს აქტიური შუამდგომლობითა და ჩარევით შედგა“.
ამ პროექტის ალიბეგლოში განხორციელება განსაკუთრებულია, რადგან ილიას იუბილესთან ერთად, ჩვენი იქ ჩასვლით აღინიშნებოდა საქართველოს მტრების მიერ დაშორებული ქართველების დიდი ხნის შემდეგ შეხვედრა. რაც მთავარია, შეხვედრა არა ოჯახში, ფარულად, ინდივიდუალურად… არამედ – საჯაროდ, თამამად და ხმამაღლა! დიახ, გაცხადებულად, რომ ჩვენ, ჩვენს ისტორიულ მიწაზე, ჩვენს ძმებთან, ჩვენი ერის მამის უკვდავსაყოფად ჩავედით! ეს მათთვის დიდი სტიმული იყო და წარმოუდგენელი ემოცია, არნახული სიამყის მუხტი დაიბადა… ვერ წარმოიდგენთ, როგორ გვისმენდნენ, და რა ბედნიერები იყვნენ ალიბეგლოში მცხოვრები ქართველები…
როგორც იქაურები გვეუბნებოდნენ, ამდენი ხალხი არ ახსოვდათ არცერთ შეკრებაზე, ღონისძიებაზე თუ სპექტაკლზე… რიგი პრობლემების გამო, რომელიც აზერბაიჯანულმა მხარემ საზღვარზე შეგვიქმნა, მოგვიწია 5 საათზე დანიშნული სპექტაკლის 1 საათით და 40 წუთით დაგვიანებით დაწყება და საოცრება მოხდა, ერთი ადამიანიც კი არ წასულა… 
სოფელში, სადაც 10-ის ნახევარია, შუაღამეა, სადაც არავითარი ტრანსპორტი არ არის, ლამპიონიც კი არ დგას, რომ სიბნელეში გზა გაანათოს,  ქართველებით სავსე დარბაზი, ჩვენ მიერ პოლიტკონიუნქტურის გარეშე, სცენაზე გაცოცხლებულ ილიას ისტორიას უყურებდა… უყურებდა სუნთქვაშეკრული და რა მუხტიც მოდიოდა მათგან, ამის მხოლოდ განცდა თუ შეიძლება…
უბედნიერესნი ვართ, რომ ეს შევძელით… სექტემბერში, მაშინ, როცა უკვე ღონისძიებების აფიშებიც კი გაგზავნილი გვქონდა ალიბეგლოში, საფრთხე შეექმნა ჰერეთში ამ პროექტის განხორციელებას, დაგვიკავშირდნენ იქაური ქართველები და იყო ერთი წინადადება, რომელიც არ დამავიწყდება: „ყველაფერის ფასად უნდა მოახერხოთ და ჩამოხვიდეთ, ჩვენთან უნდა შედგეს ილიას იუბილე“… ამის მერე უფლება არ გვქონდა, იქ არ ჩავსულიყავით… და ბედნიერი ვარ, რომ ჰერეთის ქართველებთან ერთად გამარჯვების ნაბიჯი გადავდგით“, – განაცხადა გიორგი სავანელმა.

თინათინ მღვდლიაშვილი, პოეტი: „ამ საოცნებო გასტროლს სამი თვის მანძილზე ველოდებოდით და, აი, სანუკვარი დღეც დადგა!.. ეს ხომ ჩვენი ქვეყანაა, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მითითებით და ვაიქართველების დახმარებით რომ ჩამოაჭრეს საქართველოს და ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებთან ერთად, უკანონოდ გადასცეს აზერბაიჯანს?!.
თეატრის ეზოში, მწვანე მოლზე, მაგიდასთან დაგვაბრძანეს მე და ბატონი ვანო და ასე, ღია ცის ქვეშ ვსაუბრობდით ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ… ლამის გულამოვარდნილი ვკითხულობდი ჩემს პატრიოტულ ლექსებს იმ ლამაზი გოგო-ბიჭებისათვის და ჭარმაგი მამაკაცებისათვის, მინდორზე რომ იდგნენ და თვალებში შემოგვციცინებდნენ… ღმერთო, რა ამაღელვებელი წუთები განვიცადე, მაგრამ, ნამდვილი ტრიუმფი და ჰერელების მიერ გამოხატული სიყვარული მერე, სპექტაკლის დამთავრების შემდეგ უნდა გენახათ!..
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ალიბეგლოს თეატრში, რომელიც ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, თითქოს ცხრაბალიანმა მიწისძვრამ დაარტყა, ქართული თეატრალური ზეიმი შედგა!.. ეს იყო ნამდვილი ტრიუმფი!.. სიყვარული! ცრემლი! ტკივილი! და იმედი! კალმით ვერ აღგიწერთ იმ გასაოცარ წუთებს, როდესაც სცენიდან ქართული სიტყვა იღვრებოდა და ყოველ მოძრაობაზე, ყოველ რეპლიკაზე, როგორ რეაგირებდა მაყურებელი!.. დიახ, ეს იყო ქართული გულის, ქართული სულის და ქართული სიტყვის დიდი გამარჯვება და ბედნიერი ვარ, რომ ამ სილამაზის თანაზიარი, თანამონაწილე გავხდი!“

გიორგი იარაჯული, მსახიობი, ილიას როლის შემსრულებელი:  „ვართ უბედნიერესები, ამაყები და აღელვებულები… ენით აღუწერელია ის მუხტი, რაც იქ შევიგრძენით… თქვენ ვერ წარმოიდგენთ და ვერც ჩვენ წარმოვიდგენდით, მიუხედავად იმისა, რომ იქაურები გვწერდნენ, როგორ გველოდებოდნენ, როგორ ელოდებოდნენ ქართულ თამამ სიტყვას, საქართველოზე საუბარს, ქართულად თუნდაც ერთი დღის გატარებას… ეს პათეტიკად ნურავის მოეჩვენება, ჩადით კახში და ნახავთ, რომ ეს რეალობაა… ჩვენი ჩასვლით დავუბრუნეთ რწმენა და იმედი, რომ ისინი კიდევ გვახსოვს და ეს აძლიერებდათ მათ…
ყოველი ჩვენგანი ხვდებოდა, რომ ჩვენი საუბარი, ჩვენი ხელოვნება (რომელიც იქ წარმოვადგინეთ) ჰაერივით სჭირდებოდათ ჰერებს… კახის ქართველებს! უბედნიერესები დავტოვეთ ჰერებიც და ჩვენც უბედნიერესები დავბრუნდით…“

ასმათ ქურციკიძე, მსახიობი, ორბელიანის როლის შემსრულებელი: „ეს არ იყო მხოლოდ გასტროლი, ეს იყო “ბედნიერ დღეთა ქრონიკა”, როცა სამშობლოს მოწყვეტილ ქართველებს მშობლიურ სითბოს, იმედს და ისტორიას უბრუნებ. მათგან კი იღებ სიყვარულს, რომელიც მთელი სიცოცხლე გაგყვება. მადლობა ჰერეთის გასტროლის ყველა მონაწილეს და გულშემატკივარს.“

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები