„აღმოაჩინე გალაკტიონი“ – დიდი ქართველი პოეტის იუბილეს ლონდონმა მეორედ უმასპინძლა

გალაკტიონის დაბადების დღე წლეულს ლონდონში მისი ინგლისურენოვანი კრებულის: „აღმოაჩინე გალაკტიონი“ („Discover Galaktion“) წარდგენით აღინიშნა. ლონდონის აზიის სახლმა პოეტის 125 წლისთავზე შეკრებილ საზოგადოებას შესთავაზა პროფესორ ინესა მერაბიშვილის მიერ თარგმნილი გალაკტიონის 60 რჩეული ლექსი, რომელიც ლონდონის ერთ-ერთმა პრესტიჟულმა გამომცემლობა CCCPress (Critical, Cultural and Communication Press)-მა ახლახან დაბეჭდა.
როგორც „კვირას“ ლონდონიდან ჟურნალისტმა გიორგი ლალიაშვილმა აცნობა, ინგლისურ ენაზე გამოცემული გალაკტიონის ახალი წიგნი 2 ნოემბრიდან უკვე განთავსდა Amazon-ზე და ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერი დაინტერესებული მკითხველისთვის. წიგნი 215 -გვერდიანია და გალაკტიონის 60 შედევრს შეიცავს. კრებულს თან ახლავს მთარგმნელის ვრცელი შესავალი და კომენტარები, პოეტის არქივში დაცული ფოტო და ხელნაწერი დოკუმენტების ასლები.
ცნობილი ანგლისტი და ბაირონოლოგი, თარგმანის აღიარებული თეორეტიკოსი ინესა მერაბიშვილი, რომელიც აგერ უკვე საუკუნის მეოთხედია იკვლევს გალაკტიონს და ბოლო 12 წელია თარგმნის ქართველ პოეტს ინგლისურ ენაზე, თავად ეწვია ლონდონს და კვლავ შეხვდა გალაკტიონის პოეზიით დაინტერესებულ მაღალ საზოგადოებას. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მაშინ, როდესაც არცერთი ჩვენი მოღვაწის იუბილე დასავლეთში არ მოწყობილა, გალაკტიონს ლონდონში იუბილე უკვე მეორედ გადაუხადეს.
პირველად გალაკტიონის ლექსები წიგნად 2005 წელს გამოიცა ნოტინგემის უნივერსიტეტთან ერთად. იმ კრებულში მხოლოდ 25 ლექსი შევიდა. წიგნი ბრიტანეთში გაიყიდა და ხელში ჩაუვარდა პოეტ ლორდ დომენიკ მერევორსს, რომელიც არ იცნობდა მთარგმნელს და ამ კრებულით, რომელსაც თან ერთვის ინესა მერაბიშვილის წინასიტყვაობა, გაეცნო ქართველ პოეტს, აღფრთოვანდა და მონახა მთარგმნელი თბილისში.
გავიდა ხანი და ლონდონის ერთ-ერთმა პრესტიჟულმა გამომცემლობამ CCC Press (“Critical, Cultural and Communications Press”)-მა დასტამბა გალაკტიონის ახალი კრებული, რომელშიც პოეტის 50 ლექსი შევიდა. 2011 წელს ლონდონში გალაკტიონ ტაბიძის 120 წლის იუბილე სწორედ ამ კრებულის წარდგინებით გაიმართა.
და აი, ამა წლის 16 ნოემბერს ლონდონში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით და საკუთრივ, საქართველოს ელჩის, თამარ ბერუჩაშვილის უშუალო ინიციატივით, ლონდონის სახელგანთქმულ აზიის სახლში გალაკტიონ ტაბიძის 125 წლისთავი აღინიშნა.
წლეულს, ზემოხსენებულმა გამომცემლობამ მოამზადა ასევე გალაკტიონის ინესა მერაბიშვილისეული ახალი თარგმანების კრებული სახელწოდებით: „Discover Galaktion“ („აღმოაჩინე გალაკტიონი“).
საამაყოა, რომ ცნობილმა ქართველმა ანგლისტმა ინესა მერაბიშვილმა ლონდონს თავად წარუდგინა წიგნი და წაიკითხა ბრწყინვალე ლექცია გალაკტიონზე. ამ ლექციის გამორჩეულ ღირებულებაზე აზიის სახლი ვებგვერდზე ერთი თვის განმავლობაში იუწყებოდა.
„ამ იუბილეს, ძირითადად, ჩემი ლექციით შეხვდა მსმენელი. მე ვრცლად ვისაუბრე გალაკტიონის შემოქმედებაზე. მსმენელი და აუდიტორია ისევ ძალიან საინტერესოა, ოღონდ ის, ვინც ესწრებოდა წინა იუბილეს, ყველა მობრძანდა.
გალაკტიონს მოუსმინეს ინგლისელმა პროფესორებმა, აკადემიურმა წრეებმა, მწერლებმა, მხატვრებმა, პოლიტიკოსებმაც და ისევ იმ ლორდებმა, ვინც მაშინ უსმენდა გალაკტიონს“, – ამბობს ინესა მერაბიშვილი.
საღამო გაიმართა დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით და ელჩის, თამარ ბერუჩაშვილის ინიციატივით.
გალაკტიონის იუბილეს მრავალი ცნობილი ბრიტანელი დაესწრო, მათ შორის იყვნენ ლორდ ბაირონის ახლანდელი მემკვიდრეები: ლორდ და ლედი ბაირონები, ასევე გრაფი და გრაფინია ლიტონები. გალაკტიონის ლონდონურ იუბილეს ასევე დაესწრნენ: პოეტი და დრამატურგი ლორდ დომინიკ მერევორსი, ლონდონის ბაირონის საზოგადოების თავმჯდომარე ალის დეშანფნევი, ევროატლანტური პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ჯასტინ გლასი და ბრიტანეთის ორი ყოფილი ელჩი საქართველოში: სტივენ ნეში და დონალდ მაკლარენი.
შეკრებილმა საზოგადოებამ მაღალი შეფასება მისცა ინესა მერაბიშვილის თარგმანს და აღნიშნა, რომ მისი წყალობით გალაკტიონი მსოფლიო საგანძურში მკვიდრდება.
ამერიკელმა მკვლევარმა რობერტ ჯ. გიბსონმა ასე გამოხატა გაოცება გალაკტიონის თარგმანებით:
„რომ არ მცოდნოდა, ჩემ წინაშე თარგმანია, ჩავთვლიდი, რომ ეს ყოველივე ინგლისურ ენაზე შექმნილი დედანია, თუმც იქ საქართველოზე არის საუბარი. ეს ხომ ძალზე იშვიათი მიღწევაა ნებისმიერ თარგმნილ ლიტერატურაში და განსაკუთრებით პოეზიაში. აშკარაა, რომ მის მიერ ინგლისური ენის სიღრმისა და სინატიფის წვდომა აღემატება იმას, ამ ენაზე ბუნებრივად მოსაუბრე ყველაზე განათლებულ ადამიანს რომ ხელეწიფება. მსურს მადლობა ვუთხრა მას იმისთვის, რომ მაზიარა გალაკტიონს, რომლის შემოქმედება, უდავოდ, გაცილებით უფრო ფართო აღიარებას იმსახურებს. ინესა მერაბიშვილის, როგორც საქართველოს კულტურის ელჩის სამსახური ნამდვილი ლოცვა-კურთხევაა მსოფლიოს პოეზიის თაყვანისმცემლებისთვის, რომელთაც მისი ღვაწლი ლიტერატურაში მომავალშიც დიდხანს ემახსოვრებათ”.
ინესა მერაბიშვილესული გალაკტიონის 60 შედევრის თარგმანი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ქართული ლექსი აუცილებლად უნდა თარგმნოს მან, ვინც ქართულსა და ინგლისურ ენებს თანაბარ დონეზე ფლობს, არის იმ პოეტის თავდადებული მკვლევარი, ვისაც თარგმნის და პოეტური ნიჭიც მოსდგამს. ამავე დროს, თუ მთარგმნელი არ არის იმ ქვეყნის მცოდნე, საიდანაც მოაქვს ან სადაც მიაქვს ტექსტი, გენიოსის შემთხვევაში ნამდვილად დამარცხდება. სწორედ ინგლისურ ლექსთან და აზროვნებასთან მჭიდრო მეგობრობამ განაპირობა ქართველი პოეტის ინგლისურენოვანი აღიარება.
დაბოლოს, ფრიად სასიხარულოა, რომ ამავე საღამოზე ლორდ მერევორსს საქართველოდან ჯილდო გადაეცა – ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის „ოქროს ფრთა“. მადლიერებით აღსავსე ლორდმა შემდეგი განაცხადა:
„მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს და იმ ფონდს, რომელმაც დამაჯილდოვა. არა მგონია, რომ ამდენი დავიმსახურე, მაგრამ ამავე დროს ჩემთვის ყოველივე დიდი პატივია.
მე აღმაფრთოვანა გალაკტიონის აღმოჩენამ, რომელიც არისტოკრატული სულის პოეტი გახლავთ. ამავე დროს, მაღალი შეფასება მივეცი პროფესორ ინესა მერაბიშვილის განსაცვიფრებელ თარგმანს გალას პოეზიისა. ეს არის კონგენიალური თარგმანი, სადაც დედნის ღირსებები სავსებით არის შენარჩუნებული.
მე მართლაც გავაცნობიერე პირველივე კრებულის ღირებულება და წარვუდგინე ის მკითხველს. ახლა უკვე გალას მესამე კრებული გამოიცა ლონდონში, რომელსაც ამაზე მეტი წარდგინება არ სჭირდება, როდესაც ის მთელი მსოფლიოსათვის ხელმისაწვდომია Amazon-ზე. ამგვარად, გალაკტიონის სახეები და მეტაფორები ახლა უკვე მსოფლიოს კუთვნილებაა და მისით დაინტერესება სულ უფრო გაიზრდება.“

გთავაზობთ ინესა მერაბიშვილის მიერ თარგმნილ ერთ ლექსს ამ კრებულიდან.

გალაკტიონ ტაბიძე

რაც უფრო შორს ხარ

რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი – როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი – როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული,
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.
1908
GALAKTION TABIDZE

THE MORE AWAY

The more away, the more I love!
In you I love my dearest dream,
It feels – as if in Eden lives,
Untouched – as if the sun’s bright beam.

You differ, maybe, from that dream,
I never grieve about it now!
My aching heart is apt to wish
You were an angel white endowed.

Let ardour strange all burn my heart,
Let seas be filled with tears I shed,
To trust the miracle of Love,
And ravings of a lover mad.

Translated by Innes Merabishvili

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები