მსოფლიოს უძველესი ღვინო საქართველოში, 8000 წლის წინანდელ ჭურჭელშია აღმოჩენილი

საქართველოში უძველესი ღვინის აღმოჩენის ფაქტს BBC ეხმაურება.
„მეცნიერებმა განაცხადეს, რომ 8000 წლის წინანდელი ჭურჭლის ფრაგმენტები ყურძნისაგან ღვინის მიღების უახლოეს მტკიცებულებებს ავლენს. საქართველოს დედაქალაქის, თბილისის სამხრეთ – აღმოსავლეთით მდებარე ორ რეგიონში აღმოჩენილი თიხის ნარჩენები ღვინის ნაერთებს შეიცავს.
ზოგიერთ ჭურჭელზე ყურძნის გრავიურები და მოცეკვავე კაცია ამოტვიფრული“, – წერს BBC.
ადრეული დასკვნით, რომელიც 7000 წლის წინანდელ თიხის ჭურჭელზე დაყრდნობით გაკეთდა, ღვინის სამშობლოდ ჩრდილო-დასავლეთ ირანი სახელდება. დასკვნა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (PNAS) ჟურნალში გამოქვეყნდა. ტორონტოს უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, დასკვნის თანაავტორი სტივენ ბატიუკი აცხადებს, – “ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის უძველესი მაგალითი იმისა, თუ როგორ მოხდა ევრაზიული, ველურად მზარდი ყურძნის კულტივირება მხოლოდ ღვინის წარმოების მიზნისათვის”.
„ღვინო უმნიშვნელოვანესია დასავლეთში ცნობილი ცივილიზაციისათვის. ის გამოიყენება წამლის, სოციალური დაახლოების, გონებრივი აქტივობის შეცვლისა და მნიშვნელოვანი ყოველდღიური მოხმარების საგნის სახით. ახლო აღმოსავლეთში, ღვინო იქცა რელიგიური კულტების, ფარმაკოლოგიის, სამზარეულოს, ეკონომიკისა და სოციუმის განუყოფელ ნაწილად.
ტრადიციული მეთოდები:
მკვლევარების ინფორმაციით, ქვევრები ორ ნეოლითის ხანის სოფელში აღმოაჩინეს, გადაჭრილ გორასა და შულავერის გორაზე, თბილისიდან დაახლოებით 50 კმ-ის დაშორებით.
ისტორიული მნიშვნელობის ღვინის ქიმიური ნარჩენები რვა ჭურჭელშია აღმოჩენილი, რომელთაგან უძველესი ძვ.წ.აღ. 5980 წლით თარიღდება.
დიდი ზომის ჭურჭელი, რომელსაც ქვევრი ეწოდება, საქართველოში დღემდე გამოიყენება ღვინის დასაყენებლად, აცხადებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, რომელიც დაეხმარა კვლევას.
სტივენ ბატიუკის თანახმად, ღვინო ქვევრის მეთოდის მსგავსი წესით ყენდებოდა, როდესაც „ყურძენი ისრისება და ნაყოფი, ღეროებსა და წიპწებთან ერთად ფერმენტირდება.“
ამ აღმოჩენამდე, ყურძნისაგან ღვინის დამზადების ყველაზე ძველ მტკიცებულებად მიიჩნეოდა ირანში, ზაგროს მთებში ნაპოვნი ნარჩენები, რომლებიც 5400 -5000 წლით არის დათარიღებული.
ყველაზე ძველი ღვინო კი, რომელიც ყურძნის ნაცვლად ბრინჯის, თაფლისა და ხილისგან მზადდებოდა, ჩინეთშია აღმოჩენილი. სასმელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7 ათასი წლით თარიღდება.
 
http://www.bbc.com/news/world-europe-41977709

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები