ქართული დოკუმენტური კინოს რეჟისორი, სცენარისტი და ოპერატორი გია ჭუბაბრია გარდაიცვალა
საქართველოს კინოაკადემია მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კინოაკადემიის წევრის, ქართული დოკუმენტური კინოს შესანიშნავი რეჟისორის, სცენარისტის და ოპერატორის, უამრავი ჯილდოს და ღირსების ორდენის მფლობელის, გია ჭუბაბრიას გარდაცვალების გამო.
საქართველოს კინოაკადემია უსამძიმრებს გია ჭუბაბრიას ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, კოლეგებს, ყველას, ვისთვისაც მისი გარდაცვალება, დიდი დანაკლისია..
პანაშვიდები 22 და 23 ნოემბერს, 17:00-21:00 სთ; გამოსვენება – ორშაბათს, 24 ნოემბერს, 14:00 საათზე. მისამართი: უნივერსიტეტის ქ.№6ა. სარიტუალო დარბაზი №1.
საქართველოს კინოაკადემიის ინფორმაციით, გია ჭუბაბრია დაიბადა თბილისში, 1937 წლის 28 მაისს. 1954-57 წ.წ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ფილოლოგიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 1957-64 წ.წ. სწავლა განაგრძო მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტზე. 1977 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. იყო – საქართველოს კინოაკადემიის პრიზის “ნატოს” მფლობელი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).
„თავისი საქმის მოყვარული ადამიანი არ იღლება მაშინ, როდესაც ქმნის თავისივე ნაფიქრისა და ნააზრევის ცოცხალ ნიმუშს”, – ამბობდა გია ჭუბაბრია.
სწორედ ამიტომ, სულის ერთი ჩაბერვით გამოირჩევა გია ჭუბაბრიას პირველი რეჟისორული ნამუშევარი „თეთრი თორღვაი”, (1970წ. ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალის დიპლომი; მე-4 საკავშირო კინოფესტივალის პრიზი და დიპლომი, მინსკი, 1970 წ), „იაპონური ჩანახატები”, რომლის სცენარისტიც, რეჟისორიც და ოპერატორიც გია ჭუბაბრია გახლდათ. რეჟისორ ვახტანგ მიქელაძესთან ერთად, გადაიღო ფილმი – „ომალო”, რომლის სცენარის თანაავტორიც, ასევე გია ჭუბაბრიაა.
იგი ავტორია ისეთი შესანიშნავი ფილმებისა, როგორებიცაა:
„ომალო” (1968); „თეთრი თორღვაი” (1969); „თეთრი ზღაპარი” (1972); „იაპონური ჩანახატები” (1975); „ადამიანი ხომალდები” (1976); „რეპორტაჟი ნიდერლანდებიდან” (1976); „ცეცხლში ნაწრთობი” (1977), „ორაგულის ბედი” (1979); „ჩვენ ქურთები ვართ” (1979); „ჩოგოვაძეები” (1983), „ჩუქურთმის საგალობელი” (1988); „ქართველთა ჯვრის მონასტერი” (1989); „ცხინვალი გუშინ, დღეს” (1992), „გზა თავისუფლებისაკენ” (1993). განსაკუთრებით აღსანიშნავია დოკუმენტური ფილმი – „ქართველთა ჯვრის მონასტერი”, რომელიც მოგვითხრობს იერუსალიმის ქართველთა მონასტერზე და ასახავს 1980-იანი წლების დასასრულს იქ არსებულ მდგომარეობას. ფილმების უმეტესობა საერთაშორისო კინოფესტივალებზე იყო წარდგენილი და მიღებული აქვს მრავალი პრიზი და ჯილდო.