აწყურში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – სლესის (მოქცევის) ციხე აღდგება
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მდებარე, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სლესის (მოქცევის) ციხის რეაბილიტაციას განახორციელებს.
სააგენტოს ინფორმაციითვე, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში ციხის კედლები, კოშკები, გალავანი, ბურჯი და საყრდენი სტრუქტურები გამაგრდება, რესტავრაცია და კონსერვაცია ჩაუტარდება. ასევე, არქეოლოგების ზედამხედველობით, გაიწმინდება მტკვრის ნაპირზე მდებარე გვირაბის დაბოლოება. მოწესრიგდება ციხემდე მისასვლელი და შიდა ბილიკები და მიმდებარე ტერიტორია.
რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ძეგლის არსებული მდგომარეობა.
სლესის ციხე IX–X საუკუნეებით თარიღდება და ერთ-ერთი, სტრატეგიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი, საფორტიფიკაციო ნაგებობაა თორისა და სამცხის ისტორიულ საზღვარზე. 2006 წელს მას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.