„ცრუ ნარატივები, რომლებიც „ევროპის სახალხო პარტიიდან“ მოდის არახალია,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა EPP-ს წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ისწავლა როგორ გაუმკლავდეს მტერმოყვარეებს.
„ვხედავთ, რომ ასეთი ღირებულებებისგან დაცლილი დეზინფორმაციის გამავრცელებელი და რაც მთავარია, სხვა ხალხებზე თავდამსხმელი პარტია სხვადასხვა ქვეყანაში არის ხელისუფლებაში. მათ შორის, ევროკომისიაში არის წამყვან პოზიციებზე წარმოდგენილი. მათ შორის, ევროკომისიის პრეზიდენტის სახით. სინამდვილეში, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ყველანაირ წერილებს ძალა აქვს დაკარგული ქართველი ხალხისთვის. არცერთი სიტყვა ამგვარი უცხოელებისა არ ინდობა. ეს ის ხალხია, ვინც უკრაინას ეუბნებოდა, რომ ბოლომდე იდგებოდნენ მათ გვერდში და გუშინ მოვისმინეთ უკვე კომენტარები სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებისა, რომ კონტაქტის ხაზი უნდა იყოს იქ, მოლაპარაკებები რა წერტილიდანაც უნდა დაიწყოს და ამით, ფაქტობრივად უკვე უკრაინას უთხრეს, რომ ტერიტორიები უნდა დათმოს. ასე, რომ ჩვენ ასეთი მტერმოყვარეები ბევრი გვყავს, სამწუხაროდ, მაგრამ საბედნიეროდ ქართველმა ხალხმა ისწავლა როგორ გაუმკლავდეს ამგვარ მტერმოყვარეებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტია“ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს.