ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-9 საერთაშორისო ფესტივალი – პრესკონფერენცია გაიმართება

15 ნოემბერს, 12:00 საათზე, კულტურის სამინისტროში, ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-9 საერთაშორისო ფესტივალის შემაჯამებელ გამოფენასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი, ფესტივალის დაფუძნებელი ყარამან ქუთათელაძე, ფესტივალის დირექტორი კოტე ნაცვლიშვილი, ფესტივალის არტდირექტორი მაია ჩიკვაიძე და „თი-ბი-სი ბანკის“ საგარეო ურთიერთობების და მედიაკომუნიკაციების დირექტორი თამარ კირვალიძე გაუძღვებიან.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, 18 ნოემებერს, 12:00 საათზე, გაიხსნება 2017 წლის Fest I Nova-ს შემაჯამებელი გამოფენა. აღნიშნული ექსპოზიციით საზეიმოდ დასრულდება ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-9 საერთაშორისო ფესტივალი, სახელწოდებით: „კომუნიკაციის ელემენტები“.
წლევანდელი ფესტივალი, არტვილა გარიყულას შემოქმედებითი რეზიდენციით დაიწყო, რომელიც 6 თვის განმავლობაში – აპრილიდან მოყოლებული, სექტემბრის ჩათვლით გრძელდებოდა. რეზიდენციაში, სხვადასხვა დროს ცხოვრობდა ფესტივალის 42 მონაწილე, რომელთაც სპეციალურად Fest I Nova-სთვის შექმნეს ნამუშევრები თანამედროვე ხელოვნების თითქმის ყველა ფორმატში: პერფორმანსი, ინსტალაცია, არტობიექტები, ვიდეოარტი, ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, „მხატვრის წიგნი“ და სხვა.
2017 წლის ფესტივალი გამორჩეულია მონაწილე ქვეყნების რაოდენობით: ქართველების გარდა, რეზიდენციას სტუმრობდნენ ხელოვანები 14 ქვეყნიდან. (ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ინდოეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, ბელგია, ჰოლანდია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია, ესპანეთი, საფრანგეთი, ავსტრია).
როგორც „კვირასთან“ ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ფესტივალის ახალი პოლიტიკის მიზანია, წარმოაჩინოს და ქართულ პუბლიკას გააცნოს კავკასიის რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე კულტურული პროცესები და თვითგამოხატვის მეტი თავისუფლება მისცეს იქაურ ხელოვანებს.
ამ პოლიტიკის თანახმად, კავკასიის რეგიონი გაფართოებულად განიხილება – ყურადღების არეალში მოექცა ირანის თანამედროვე ხელოვნება და ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იყო თეირანისა და თავრიზის ურბანული სუბკულტურის წარმომადგენელი სამი არტისტი. მათ შექმნეს არტობიექტები, ინსტალაციები და სტენსილი.
თემატურად წლევანდელი ფესტივალის ფოკუსში მოექცა 2016 წლის ბოლოს, UNESCO-ს მიერ „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის“ მსოფლიო არამატერიალურ მემკვიდრეობად აღიარების ფაქტი და ძმებ ზდანევიჩების მიერ დაარსებული ფუტურისტული გაერთიანება „41◦“ – ის საუკუნოვანი იუბილე.
აქედან გამომდინარე, Fest I Nova’17, ტრადიციული, კონცეპტუალური ინსტალაციების გარდა, შრიფტზე და ზოგადად, გრაფიკულ დიზაინზე იყო კონცენტრირებული – შემაჯამებელი გამოფენისთვის შეიქმნა რამდენიმე არტისტული წიგნი.
არტვილა გარიყულა შემაჯამებელ გამოფენას განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება: დამონტაჟდა დროებითი ექსპერიმენტული საგამოფენო პავილიონი, რომელიც თავად წარმოადგენს არტობიექტს; ამის პარალელურად, მოეწყო გრაფიკის სახელოსნო შელკოგრაფიისა და ოფორტის დაზგებით.
წელს, ფუტურისტული გაერთიანება „41 ◦-ის საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, ზდანევიჩების მემკვიდრეობის კვლევისა და ბეჭდური გრაფიკის განვითარების კონტექსტში, არტვილაში ჩამოვიდნენ ფრანსუა მერე – ილიაზდის არქივის მემკვიდრე, მარიკა ჟანტი – კოკო შანელის არქივარიუსი, ბორის ფრიდმანი – Livre d’Artiste წიგნების მსხვილი კოლექციონერი, და რეჟის გერო – ავანგარდის მკვლევარი და კლერმონ ფერანის უნივერსიტეტის სლავისტიკის პროფესორი.
არტვილა გარიყულა, როგორც „თბილისური ავანგარდის“ ტრადიციის გამგრძელებელი (ცენტრი კირილე ზდანევიჩის შვილიშვილის, მხატვარ ყარამან ქუთათელაძის ჩამოაყალიბებულია 2000 წელს) მათთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდა.
შემაჯამებელი გამოფენის ერთ-ერთი მთავარი ექპონატია ნამუშევარი, სახელწოდებით: „ურთიერთობის მრავალფერი ხალიჩა“, რომელიც ლალი ქუთათელაძის კურატორობითა და „თიხის ოფისის“ მხარდაჭერით კერამიკის გალერეა-სახელოსნო White Studio-ში („თეთრი სახელოსნო“) განხორციელდა.
მის შექმნაში სამოცზე მეტი ქართველი მხატვარი და სხვადასხვა პროფესიის ადამიანი მონაწილეობდა. კერამიკული ფილებისგან შემდგარი კონცეპტუალური ინსტალაცია საშუალებას იძლევა, მოხატული გზავნილების რაოდენობა უსასრულოდ გაიზარდოს.
წლევანდელი ფესტივალის მთავარი ფოკუსია საქართველოს ისტორიის საეტაპო მოვლენა – ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რამაც მომდევნო წლების საქართველოს კულტურისა და საზოგადოების არქიტექტურა უნდა განსაზღვროს. პირველ რიგში, სწორედ ამ მოვლენამ და ზემოთ ჩამოთვლილმა დანარჩენმა ფაქტორებმა განსაზღვრა წლევანდელი ფესტივალის თემა – კომუნიკაციის ელემენტები, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები