„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ გრძელდება: წინ ყველაზე მასშტაბური და გრანდიოზული კონცერტია

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ დიდი წარმატებით გაიხსნა 7 ნოემბერს. ორკესტრის – „ბერლინის ძველი მუსიკის აკადემიის“ კონცერტმა დიდი ტრიუმფით ჩაიარა რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში. კონცერტზე სიტყვით წარდგნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ბატონი მიხეილ გიორგაძე და გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი, ქალბატონი ბარბარა მიუნჰაუზენი. საღამოს ასევე ესწრებოდნენ გერმანიის და იტალიის საელჩოს წარმომადგენლები. კონცერტზე შესრულდა გ. ფ. ტელემანის, იოჰან სებასტიან და კარლ ფილიპ ემანუელ ბახის, ფ. ჯემინიანისა და ა. ვივალდის ნაწარმოებები.
11 ნოემბერს ფესტივალის მორიგი კონცერტი გაიმართა. კონცერტს წინ უძღოდა დავით გიგინეიშვილის ლექცია-წინასიტყვაობა, სადაც მსმენელები პერგოლეზის შემოქმედებას გაეცნენ.
როგორც „კვირას“ ბაროკო ფესტივალის ორგანიზატორებმა განუცხადეს, სასიხარულოა, რომ ამ შეხვედრებზე ხალხის რაოდენობა ყოველ ჯერზე მატულობს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მსმენელი უფრო და უფრო ინტერესდება ბაროკოს ეპოქის მუსიკით.
„ეს კონცერტი გამორჩეული იყო თავისი მონაწილეებით და პროგრამით. „ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკის“ საღამოს პირველ განყოფილებაში „ანჩისხატის გუნდმა“ ქართული საგალობლები და რამდენიმე ხალხური სიმღერა შეასრულა, რამაც როგორც ქართველების, ასევე, უცხოელი მსმენელის დიდი მოწონება და აღტაცება დაიმსახურა. ამით კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ქართული კულტურა ნამდვილად არის ევროპული კულტურის ნაწილი და ქართული გალობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, მსოფლიოს საგანძურს წარმოადგენს. კონცერტს, ჩვეულებრივი მსმენელის გარდა, საეკლესიო მუსიკის ექსპერტები ესწრებოდნენ, რომელთაც ასევე აღნიშნეს „ანჩისხატის გუნდის“ შესრულების მაღალი დონე“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

მეორე განყოფილებაში  თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან – „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად, მსოფლიოში აღიარებული ქართველი ვარსკვლავები: სალომე ჯიქია (სოპრანო) და ქეთევან ქემოკლიძე (მეცოსოპრანო) წარდგნენ მსმენელების წინაშე და ჯ. ბ. პერგოლეზის „Stabat Mater” შეასრულეს.
შესრულებაში კარგად ჩანდა ორკესტრის და სოლისტების ერთობლივი ნამუშევარი: საორკესტრო შტრიხები და ვოკალური ხაზის მუსიკალური ფრაზირება  სტილისტურად გამართული და გააზრებული იყო; დინამიკა და განსხვავებული ემოციური განწყობა, რაც ამ ნაწარმოების ერთ-ერთ სირთულეს წარმოადგენს (ტრაგიზმი, სიხარული, სევდა…), იმდენად კონტრასტულად იყო შესრულებული, რომ კარგად ჩანდა თითოეული ნიუანსი. ამ ყველაფერს ემატებოდა დარბაზის მუხტი, მსმენელების უდიდესი კულტურა: არც ტაში ყოფილა ნაწილებს შორის და არც მობილურის ზარებს დაურღვევია პერგოლეზის მუსიკის მისტიკურობა. ნაწარმოების დასრულებისას კი, პირიქით, დარბაზი ქუხდა აპლოდისმენტებით და მუსიკოსებს ორი ბისი შეასრულებინეს.
„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ გრძელდება და 16 ნოემბერს, 19:30 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში ფესტივალის ყველაზე მასშტაბური და გრანდიოზული კონცერტი გაიმართება. ამ საღამოში „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობას მიიღებენ: „თბილისის გუნდი ბაროკო“, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის კამერული გუნდ, სოლისტი – ანა ცარციძე (სოპრანო) და დირიჟორი – კორნელია ფონ კერსენბროკი (გერმანია). შესრულდება: ა. ვივალდის, ი.ს.ბახის, ჰ. პერსელის, გ. ფ. ჰენდელის, ი. დ. ზელენკას და კ. ფ. ე. ბახის საორკესტრო, საგუნდო და ვოკალური ნაწარმოებები.

„ყველას გელით სამოგზაუროდ უკან – ევროპაში! „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება!“ – ასე იწვევენ მსმენელს ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები