ელდარ შენგელაია: „მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა“… რეჟისორის საიუბილეო საღამო
27 იანვარს, 17 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას 81 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება. საღამოზე შედგება რეჟისორის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ბიოგრაფიულ-მემუარული წიგნის, – „მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა“ პრეზენტაცია. წიგნი ნინო ნატროშვილის ავტორობით და ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებით გამოიცა; მასში შესულია როგორც თავად ელდარ შენგელაიას, ასევე გია ყანჩელის, გია დანელიას, ლომერ ახვლედიანის, რეზო ჭეიშვილის, იმედა კახიანის მოგონებები. შესავალი მერაბ კოკოჩაშვილს ეკუთვნის. წიგნში მოთხრობილია შენგელაიების, ასევე ნატა ვაჩნაძის ოჯახის შესახებ არა ერთი საინტერესო ისტორია. საიუბილეო საღამოს დაასრულებს ფილმის ჩვენება, სადაც 2013 წელს მოსკოვში გამართული ელდარ შენგელაიას შემოქმედებითი საღამოა აღბეჭდილი. ელდარ შენგელაიას საიუბილეო საღამოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი ნანა ჯანელიძე, ელდარ შენგელაია, რეჟისორის მეგობრები, კოლეგები, კინოსა და კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.