„ალექსანდრე დიუმას ნაკვალევზე საქართველოში“ – სტრასბურგი ფოტოგამოფენას უმასპინძლებს

სტარსბურგის მერიის საგამოფენო დარბაზი, 23 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით, დაეთმობა ფოტოგამოფენას სახელწოდებით: „ალექსანდრე დიუმას ნაკვალევზე საქართველოში“.
ეს ინფორმაცია „კვირას“ ლონდონში მოღვაწე ჟურნალისტმა გიორგი ლალიშვილმა აცნობა. მისი თქმით, სტრასბურგში მცხოვრებ ქართველებს: ქეთი კვანტალიანსა და ნოდარ დუგლაძეს გაუჩნდათ ამ გამოფენის გამართვის იდეა, რომელიც ქალაქის მერიის კულტურის სამსახურს გააცნეს. მათ მოეწონათ ეს აზრი და ექსპოზიციის ორგანიზებაში ხელშეწყობა აღუთქვეს.
„გამოფენის ავტორების თქმით, მათი მიზანია, დიუმას მეშვეობით თანამედროვე ფრანგებს კვლავ გაუღვიძონ საქართველოს მონახულების სურვილი. „ჩვენ მათ ფოტოების საშუალებით წარმოვუდგენთ და ვუჩვენებთ იმ გზასა და მარშრუტს, იმ ადგილებსა და ხალხს, რომელთა შესახებ ასეთი აღტაცებით ყვება დიუმა თავის ნაშრომში“, – ამბობენ გამოფენის ავტორები.
როგორც ცნობილია, დიდმა ფრანგმა მწერალმა 1858–59 წლებში იმოგზაურა კავკასიაში, მათ შორის საქართველოში. მან თავისი ვიზიტი აღწერა წიგნში „კავკასიაში მოგზაურობა“, რომლშიც 300-მდე გვერდი საქართველოს შთაბეჭდილებებს ეხება. მწერალი დეტალურად აღწერს იმჟამინდელი საქართველოს ყოფა-ცხოვრებას, მისი სხვადასხვა კუთხის მცხოვრებთა ზნე–ჩვეულებებს, ასევე გეოგრაფიულ თავისებურებებს.
დიუმას ამ მოგზაურობისას თან ახლდა ფრანგი მხატვარი ჟან-პიერ მუანე, რომელიც გზადაგზა აკეთებდა ადამიანთა და ბუნების ჩანახატებს. ალექსანდე დიუმას წიგნის გამოცემის მერე იგი საქართველოში მოგზაურობის მსურველთათვის ნამდვილ მეგზურად იქცა.
ექსპოზიციაში ჩართული იქნება: ალექსანდრე როინიშვილის, დიმიტრი ერმაკოვის, გია გოგატიშვილის, გიორგი ჩხაიძის, გოგა დემეტრაშვილის, თამარ ოხიკიანის, ნინია საბაძის, ასევე დიუმას თანამედროვე და საქართველოში თანმხლები ფრანგი მხატვრის ჟან–პიერ მუანეს ჩანახატების ფოტოასლები.
გამოფენის ავტორები ემადლიერებიან სტრასბურგის მერიის თანამშრომლებს: ქალბატონ ფრანსუაზ ვიალ-დევიენსა და ქალბატონ ნატალი ჟანკოვსკის. ასევე თბილისში დიზაინის უსაყიდლოდ შესრულებისთვის კომპანია „ბატაშ დიზაინს“, ტურისტულ სააგენტო „gorgia360’’-ს, სადაც პოსტერები დაიბეჭდა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, რომლმაც ფოტოების ნაწილი მიაწოდათ“, – ამბობს გიორგი ლალიშვილი.
აღნიშნული ექსპოზიცია სტრასბურგის მერიის საგამოფენო დარბაზში ოთხ კვირას გაგრძელდება. ეს სივრცე ესაზღვრება ცენტრალურ ფოიეს, საიდანაც დღეში 3000-ზე მეტი ადამიანი შემოდის მერიის შენობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ 20 ნოემბრამდე საქართველოსთან დაკავშირებულ ექსპოზიციას ათასობით მნახველი ეყოლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები