თამარ ჟვანია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

ცესკოს ინფორმაციით, ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში, 27 სექტემბრამდე განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.
თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა დეტალურად გააცნო. ცესკოს თავმჯდომარემ მათ ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, სამოქალაქო და ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის, საინფორმაციო/საიმიჯო კამპანიისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

„ეს არის ის ღონისძიებები და საქმიანობები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ განახორციელა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ ანგარიშს წარვუდგენთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის, საელჩოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, ჩართულობა, მონაწილეობა და ჩვენი მხრიდან მათთვის მიწოდებული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვნია საარჩევნო პროცესებისთვის. წელს ბევრი ინოვაცია დაინერგა საარჩევნო ადმინისტრაციაში, მათ შორის ადამიანის უფლებების უკეთ რეალიზების თვალსაზრისით. ვგულისხმობ შშმ პირებს, ასევე ამომრჩევლებს, რომლებიც სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობენ. ასევე ჩვენ დავნერგეთ მნიშვნელოვანი სერვისები პოლიტიკური პარტიებისთვის – მათ წარმომადგენლების დანიშვნა უკვე ონლაინ სარეგისტრაციო სისტემის მეშვეობით შეუძლიათ, და ეს საპილოტე პროექტი უკვე წარმატებულად მიმდინარეობს“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა ჟერომ ლეღომ.

ამასთან, როგორც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა ჟერომ ლეღომ აღნიშნა, ცენტრალური საარჩევნო კომისია ემზადება არჩევნების პროფესიულ, გამჭირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.

„დღევანდელი ჩვენი შეხვედრაც ამას ემსახურება, საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოგვიდგენს შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას, რომელშიც აღწერილია ცესკოს მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული აქტივობები და საქმიანობები. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, მხოლოდ მოხარულები ვართ, ხელი შევუწყოთ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების ტექნიკური თვალსაზრისით ორგანიზებაში“,- განაცხადა ჟერომ ლეღომ.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მნიშვნელოვანი საქმიანობების შესახებ, რაც აუცილებელია გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად“, -აცხადებენ ცესკოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები