მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს აქვს ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი ევროპარლამენტში, რაც ევროპარლამენტის იმ უპირობო და მტკიცე მხარდაჭერაში გამოიხატება, რომელიც ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის გზაზე აქვს. ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან მიმდინარე შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტის მხარდაჭერა კონკრეტულ შედეგებში გამოიხატა, როგორიც არის იგივე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გასულ კვირას მიღებული რეკომენდაციები „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი მოხსენება, რომელიც მიღებულ იქნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დიდი უმრავლესობით. ეს მოხსენება ასახავს ყველა იმ ხედვას, რომელიც უკავშირდება საქართველოს მომავალს, კონკრეტულ ინსტრუმენტებს, სექტორალურ თანამშრომლობას, ნაბიჯებს რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ პრაქტიკულად ხელს შეუწყობს საქართელოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს”, – განაცახდა მინისტრმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული რეკომენდაციები მხარდაჭერლი იქნება ევროპარლამენტის ნოემბრის სესიაზე, რადგან საქართველოს აქვს ყველა ევროპული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტებთან ასევე ისაუბრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის მოლოდინებზე. მისი განცხადებით, ცალსახაა საქართველოს და იმ ქვეყნების პოლიტიკური მხარდაჭრა, ვინც დაინტერესებულია მეტი ნაბიჯი გადადგას ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
„საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც გააჩნია მეტი ამბიცია, როგორც პოლიტიკური ასევე სექტორალური და ეკონომიკური ინტეგრაციის. ჩვენ ვართ წარმატებული ამ გზაზე და რა თქმა უნდა ევროპარლამენტის მხრიდან არსებული ასეთი დიდი პოლიტიკური მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ მეტის მიღწევას. რაც შეეხება საქართველოს ევროპულ მომავალს – ეს აღიარებულია ასოცირების შეთანხმებით, სადაც ცალსახად ხაზგასმულია საქრთველოს ევროპული არჩევანი და მისწრაფება. ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა, რომელსაც რეფორმების შედეგად აქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები და ყველანაირი პერსეპქტივა იმისათვის, რომ გადავდგათ ნაბიჯები სამომავლო მიზნისკენ, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია. საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რაც დაეხმარება ამ გზაზე წარმატების მისაღწევად”,-განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს, სადაც ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს, ასევე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერტობათა კომიტეტში სიტყვით გამოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები