თბილისის ეფექტიანი მართვისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით კახა კალაძე ინოვაციური ელექტრონული პროგრამების დანერგვას გეგმავს

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მერია არ იყოს ბიუროკრატიული მმართველი ორგანო, პირიქით, ის უნდა იყოს თანამედროვე და ინოვაციური“ – აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ თბილისის მართვის პოლიტიკის პრეზენტაციისას გააკეთა.
მისი თქმით, ქალაქის ეფექტიანი მართვისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, თბილისის მერიაში ინოვაციური ელექტრონული პროგრამები დაინერგება.
აღნიშნული პროექტები კახა კალაძის გუნდის წევრმა ლაშა კვანტალიანმა წარმოადგინა.
მისი თქმით შეიქმნება მერიის ცენტრალიზებული პლატფორმა, თბილისის ინტერაქტიული რუკა, მოძრაობის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ცენტრალიზებული ელექტრონული სისტემა და საზოგადოების ჩართულობის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც თავის მხრივ რამდენიმე კომპონენტისგან შედგება.
„მერიის ცენტრალიზებული პლატფორმა იქნება მერიის ციფრული ანალოგი, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე მიიღონ ყველა სერვისი, რომელიც დღეისთვის გააჩნია თბილისის მერიას. ეს, ბუნებრივია, დაზოგავს მათ დროს, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს არ იქნება მხოლოდ განაცხადების მიღების სისტემა, ამ სისტემის უკან იმუშავებს, ასევე, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა, რაც თავის მხრივ შეამცირებს იმ საოპერაციო დროს, რომელიც დღეს ჭირდება შემოსული განცხადების დამუშავებას“, – აღნიშნა ლაშა კვანტალიანმა.
კიდევ ერთი პროექტი, რომელიც კახა კალაძის გუნდის წევრმა წარმოადგინა, არის თბილისის ინტერაქტიული რუკა, რომელიც მრავალფუნქციური იქნება და მისით სარგებლობა შეეძლებათ როგორც თბილისის მოქალაქეებს, ისე ტურისტებს.
„ეს ერთი მხრივ გულისხმობს ყველა იმ პროცედურის მიბმას ამ რუკაზე, რომელიც დღეს არსებობს თბილისის მერიაში – ეს იქნება მიწის სტატუსების შემოწმება თუ სხვა რამ, გარდა ამისა, ამ რუკაზე დატანილი იქნება თბილისის ყველა მნიშვნელოვანი ადგილი: ქალაქის ღირსშესანიშნაობანი, ტურისტული მარშუტები, გასართობი ცენტრები, მაღაზიები და ა.შ. ეს ინფორმაცია იქნება ღია და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის. რაც ჩვენი რწმენით წარმოშობს ახალ იდეებს და ახალ სტარტაპებს“, – განაცხადა ლაშა კვანტალიანმა.
მისივე თქმით, შეიქმნება მოძრაობის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებითაც მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და განსაზღვრავს საცობების შექმნის მიზეზებს.
როგორც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, პროგრამა სრულ სურათს შექმნის და გააიოლებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.
„დღესაც გვაქვს ასეთი მონაცემები პრობლემური ადგილების შესახებ და ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც გვაქვს დაგეგმილი მომდევნო 4 წლის განმავლობაში, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ამ ადგილებში პრობლემები მოვხსნათ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ კონკრეტული პროექტების განხორციელებით მოვაგვარებთ საცობების პრობლემას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის განხორციელება, რომ მიდგომა კომპლექსური იყოს. ამ პროექტების განხორციელებას ძალიან დიდი თანხები დასჭირდება, მაგრამ სრული სურათი გვექნება და მომდევნო წლების განმავლობაში შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება ელექტრონულად და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ლაშა კვანტალიანმა, ასევე, წარმოადგინა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ცენტრალიზებული ელექტრონული სისტემა, რომლის დახმარებითაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სრული ინფორმაცია რეალურ დროში მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებისა და მარშუტების შესახებ.
კახა კალაძის გუნდის წევრმა უპრეცედენტო უწოდა, კიდევ ერთ ახალ ელექტრონულ პლატფორმას, რომლის საშუალებითაც თბილისის ნებისმიერ მცხოვრებს ექნება შესაძლებლობა თბილისის მერიას შეატყობინოს საკუთარი უბნის პრიორიტეტული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია და ხმა მისცენ ამა თუ იმ აქტუალური პრობლემის გადაჭრის გზებს. გარდა ამისა, პლატფორმა გაითვალისწინებს ბიუჯეტის გამჭირვალობის კომპონენტს.
„ყველა დაგეგმილი პროექტის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ონლაინში. ხშირად არის პროტესტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ კეთდება ესა თუ ის პროექტი დროულად. სინამდვილეში იმავე უბანში უამრავი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი. ეს ერთის მხრივ იქნება დამატებითი კონტროლი თბილისის მერიისთვის, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ჩართულები იქნებიან ამ პროექტების განხორციელებაში და ჩვენ, თბილისში მცხოვრებ მოსახლეობას გვექნება იმის საშუალება, რომ გავიგოთ, რა კეთდება, სად კეთდება და როგორ კეთდება“ – აღნიშნა ლაშა კვანტალიანმა.
მისივე თქმით, ასევე შეიქმნება პრობლემების შეტყობინების სისტემა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ქუჩაში არსებული პრობლემების მობილურის საშუალებით დაფიქსირება, მისი ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა და მერიის შესაბამის სამსახურში შეტყობინების გაგზავნა.
კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც თბილისის მერობის შემდეგ გეგმავს კახა კალაძე, არის ახალი ვებპლატფორმა „ჩემი იდეა ქალაქის მერს“.
„ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია, ვისაც გული შეტკივა ჩვენი დედაქალაქის განვითარებაზე და წინსვლაზე, გექნებათ შესაძლებლობა, მოგვაწოდოთ თქვენი იდეები და ჩვენ ამას განვიხილავთ. – განაცხადა კახა კალაძემ.
ინოვაციური პროექტები დღეს თბილისის მართვის პრეზენტაციის ფარგლებში წარმოადგინეს. ღონისძიებას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, საკრებულოს წევრობის კანდიდატები და მინისტრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები