ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი: „ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ევროპის პოლიტიკური მომავალი საქართველოს გარეშე”

„ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ევროპის პოლიტიკური მომავალი საქართველოს გარეშე, იმ მნიშვნელოვანი ადგილის გარეშე, რომელიც საქართველოს ევროპის პოლიტიკურ ოჯახში უჭირავს. ცხადია, საქართველო ევროპული კულტურის, ისტორიისა და ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობასა და ურთიერთობის ინტენსიფიკაციაზე”,- ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ ჩარნეცკიმ საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით,  “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მოახლოებული სამიტის წინ ევროპარლამენტში, ასევე  საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრების დროს,  სამიტის მოლოდინები და  საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხები აქტიურად განიხილება.

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, პოლონეთისთვის, რომელსაც ის წარმოადგენს,    ევროკავშირის პოტენციურ გაფართოებაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს.

„ვფიქრობ მომავალი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი საქართველოსა და სხვა ქვეყნებისთვის იქნება შემდეგი ნაბიჯი ევროპული გზისკენ.  ჩვენ უნდა გავხსნათ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის  კარი არა მხოლოდ ეკონომიკის სფეროში, არამედ პოლიტიკურ დონეზე. ევროკავშირმა უნდა აჩვენოს არა მარტო თანამშრომლობის, ასევე საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივა. ჩვენ საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებისადმი პატივისცემის ნიშნად,  უნდა დაგანახოთ ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური პერსპექტივა”, – აღნიშნა რიჩარდ ჩარნეცკიმ.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი 18-19 ოქტომბერს ბრიუსელს ვიზიტით სტუმრობს, რა დროსაც მიხელ ჯანელიძე შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან. 19 ოქტომბერს კი ვიცე-პრემიერი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები