„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ლანჩავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა
„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ლანჩავა დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ლანჩავამ განაცხადა, საბჭოს წევრებს ადვოკატთა ასოციაციის რეფორმირებასთან დაკავშირებით თავისი ხედვები გააცნო. მისი თქმით, ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორ უნდა დაუახლოვდეს ადვოკატთა ასოციაცია სასამართლო კორპუსს. დავით ლანჩავას განმარტებით, საბჭოს წევრების მხრიდან პრობლემებზე ერთობლივად მუშაობის მხრივ მხარდაჭერა მიიღო.
„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენი პირველი შეხვედრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან. მათ წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს „ადვოკატთა ასოციაციის“ რეფორმირება, რა ძირითადი მიმართულება გაგვაჩნია იმისთვის, რომ ადვოკატთა ასოციაცია დაუახლოვდეს ზოგადად, სასამართლო კორპუსს და ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც საერთოა, ერთად უნდა გადავწყვიტოთ. ძალიან კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო ერთობლივად მუშაობის, პრობლემების ერთობლივად იდენტიფიცირების და ამაზე ერთობლივი ხედვა გვაქვს“, – განაცხადა დავით ლანჩავამ.