საქართველოს პრეზიდენტი პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს ედუარდო ფერო როდრიგესს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს ედუარდო ფერო როდრიგესს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო – პორტუგალიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც დიპლომატიური კავშირების გაღრმავებას, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ – საგანმანათლებლო სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ, რუსული ანექსიის შედეგად აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შეტანილი წვლილისა და მონაწილეობისათვის.
შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს დელეგაციის წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში რევაზ ბეშიძე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე ესწრებოდნენ, გიორგი მარგველაშვილმა პორტუგალიურ მხარეს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის და ვიზალიბერალიზაციის პროცესში ევროპარლამენტში გამოხატული მხარდაჭერისათვის.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, პორტუგალიას საპარლამენტო საქმიანობისა და მის პარლამენტს სახელმწიფო შტოებს შორის გამართული ურთიერთობების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს და ამ გამოცდილების გაზიარება საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები