სააკაშვილს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება – “მის დაკავებას წინ აღარაფერი უდგას”
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინა-პოლონეთის საზღვრის გადაკვეთისთვის 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 2 დღის წინ განვითარებული მოვლენების გამო, რა დროსაც მას გამშვებ პუნქტზე არ ატარებდნენ, მაგრამ სააკაშვილის მხარდამჭერებმა მისი უკრაინის ტერიტორიაზე შეყვანა მაინც მოახერხეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა.
ამის შესახებ განცხადება უკრაინის შს სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა არტიომ შევჩენკომ გააკეთა. მისი თქმით, საქმე აღძრულია 332-ე მუხლის პირველი ნაწილით – უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გავლით პირთა არაკანონიერი გადაყვანა და 342-ე მუხლის მეორე ნაწილით – ხელისუფლების, სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
უკრაინის შს სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განმარტებით, ყველაზე მკაცრი სასჯელი, რომელიც სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტებს ემუქრებათ, არის თავისუფლების აღკვეთა 3-დან 7 წლამდე.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას მიმართავს, რათა “ცნოს პირად, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება”. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა მარკიან გალაბალამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ მოთხოვნით სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურში შესაბამისი განაცხადი უკვე შეიტანა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა იურიდიული თვალსაზრისით შეაჩერებს მის ექსტრადირებაზე მოთხოვნის შესრულებას. ამჟამად, მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობის გარეშე პირის სტატუსი აქვს, რომელიც მუდმივად ცხოვრობს უკრაინაში.
“რათა არ დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება, ჩვენ გვსურს მისი სტატუსის დამატებით გაძლიერება სხვა სამართლებრივი სტატუსით, რაც არის “პირი, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება”, – განმარტა მარკიან გალაბალამ და აღნიშნა, რომ საუბარი არა დაცვის ფიზიკურ საშუალებებზე, არამედ სტატუსის მიღებაზე მიმდინარეობს.
ბრიგადის გენერლის, ანალიტიკოსის სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს დაბრუნების სხვა გზა აღარ ჰქონდა.
“რეზონანსი”: მოსალოდნელი იყო თუ არა სცენარის ასე განვითარება?
ა.ს.: ის რომ უკრაინაში სიტუაცია პროტესტისკენ და ახალი მაიდნისკენ წავიდოდა, ამ ვარაუდებზე რეზონანსის ფურცლებზე მარტის დასაწყისში ვწერდით. მე ზოგად ვითარებაზე ვსაუბრობ. უკრაინაში არსებულ პრობლემებზე ოფიციალურ კიევს ევროპელი პოლიტიკოსები ღიად ეუბნებიან. გავიხსენოთ თუნდაც ევროპის წამყვანი ლიდერების, ტუსკის, იუნკერის და მოგერინის ვიზიტი, როცა მოუწოდეს კორუფციასთან ბრძოლის დაჩქარება.
ამ ყველაფერს იმისათვის ვიხსენებ, რომ პრობლემები არსებობს. შესაბამისად გროვდება საპროტესტო მუხტი და რა ან ვინ გახდება დეტონატორი, კონკრეტულ ვითარებაზეა დამოკიდებული. როცა ოპოზიციურ ძალებს სერიოზული პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ არ გააჩნია, მაშინ ხელისუფლებაც მყარად და თვითდაჯერებულად გრძნობს თავს.
რაც შეეხება კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ამ გზით დაბრუნებას, მას სხვა გზა აღარც ჰქონდა. როცა ადამიანს ჩიხში აქცევ და ერთ წასასვლელს უტოვებ, ის ამ გზით წავა. ეს გზა უკრაინაში დაბრუნება იყო. რა გზით მოხდებოდა ეს, რა მარშრუტით, რა ტრანსპორტით, დეტალებია.
უკრაინის ხელისუფლებამ ან შეცდომები დაუშვა, როცა ამხელა აჟიოტაჟამდე მიიყვანა საქმე, არ შემოუშვა, რაღაც უაზრო ვერსიები მოიგონეს დანაღმვასთან დაკავშირებით, რაც არავინ დაიჯერა, დანაღმული დონბასის მიმართულება არ იქნება, მანდ ვინ დანაღმავდა, ან ხელისუფლებამ სიტუაციის პროვოცირება მოახდინა, რათა მიხეილ სააკაშვილს და მის მომხრეებს საზღვარი ძალის გამოყენებით დაერღვიათ.
გვახსოვს სააკაშვილის განცხადებები, რომ ის შევიდოდა საზღვრიდან. მანაც იცოდა, რომ არ შეუშვებდნენ. ორთავე მხარემ რაღაც დაგეგმა. მიხეილ სააკაშვილის სცენარი დავინახეთ, მოუყარა თავი მომხრეებს და მოახერხა შეჭრა. ხელისუფლებამ უსუსურობა გამოიჩინა, თუ უკანონოდ შეჭრის პროვოცირება მოახდინა ვითომდა ძალის დახვედრებით, რათა ეს წინააღმდეგობა სააკაშვილს გადაელახა და ამით კანონი დაერღვია, ეს უკრაინის ხელისუფლებამ იცის.
ვიზუალურად ის ჩანდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა სამ ადგილას დიდი რაოდენობით მომხრეების ოპერატიულად გადასროლა მოახერხა, რასაც ხელისუფლებამ საკმაოდ მოკრძალებული ძალები დაახვედრა. შესაძლოა მოშორებით გააჩნდა მეტი ძალა, მაგრამ რაც დავინახეთ ერთ მწკრივიანი კორდონი, იმის გარღვევა რამდენიმე ასეული კაცისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა. თან მათ დიდი წინააღმდეგობაც არ გაუწევიათ. გაურკვეველი იყო მათი აღჭურვილობაც, არ გააჩნდათ სპეციალური ფარები, ცრემლსადენი ან სხვა საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ. იარაღს რომ არავინ გაისროდა, ისედაც გასაგები იყო. აი ეს ყველაფერი იწვევს გარკვეულ ეჭვებს.
“რ”: სააკაშვილმა დაიბრუნა თუ არა აქტუალობა?
ა.ს.: რა თქმა უნდა. ჯერ ერთი, მთელი მსოფლიო მედია ორი დღეა ამ ფაქტზე საუბრობს. ასევე, უკრაინელი მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის, რომელიც უკმაყოფილოდ არის განწყობილი, შესაძლოა ეს ფაქტი ბრძოლის დაწყების სტიმული აღმოჩნდეს. თუმცა, სერიოზული ტალღის აგორება ხელისუფლების წინააღმდეგ, ალბათ ჯერ ვერ მოხერხდება ორი მიზეზით: ა) ზოგადად ყველა პოლიტიკური ძალა, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური, საკმაოდ დაბალი რეიტინგით, ანუ ნდობით სარგებლობენ და ბ) მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა ოპერატიულობა და მოულოდნელობის ეფექტი, როცა ერთი დღე-ღამით ლვოვში გაჩერდა. მათ გუშინ სვლა კიევისკენ უნდა გაეგრძელებინათ და, ჩემი ვარაუდით, ძალიან დიდი ტალღის გამოწვევას შეძლებდნენ.
ამჟამად დრო პეტრო პოროშენკოს სასარგებლოდაა. რაც დრო გავა, მიხეილ საკაშვილის აქტუალობა შესუსტდება. თუმცა მას შესწევს უნარი ახალი ტალღა ააგოროს ხოლმე, მაგრამ ეს უკვე სხვა სცენარი იქნება, რომელიც საკმაოდ გაუჭირდება. ასევე აქტუალობის ფაქტად შეიძლება ისიც დავასახელოთ, რომ ოპოზიციური ლიდერები, ტიმოშენკო, სემენჩენკო და სხვები, დღეს ლვოვში სააკაშვილის ირგვლივ იკრიბებიან და ის ამ მოლაპარაკებებში წამყვანია.
უკრაინელი ოპოზიციონერები გრძნობენ, რომ მათ არ ჯყოფნით ძალა, მუხტი, რეიტინგი სერიოზული საპროტესტო აქციებისთვის და მათ ლიდერი, ლოკომოტივი სჭირდებათ. სიტუაცია დაახლოებით საქართველოს 2003 წლის მოვლენებს ჰგავს. ვნახოთ სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძე თუ გახდებიან სააკაშვილი-ტიმოშენკო-სემენჩენკო. ეს ისე, ლირიკისთვის.
“რ”: ახლა საუბარია მის დაკავებაზე და 7 წლიან პატიმრობაზე, როგორ ფიქრობთ, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება მოვლენები?
ა.ს.: დაკავებას ალბათ შიშობენ, რათა ამ დროს მსხვერპლი უფრო საშიშია, ვიდრე თავისუფლებაზე მყოფი. ამას გარდა, რამდენად არსებობს იურიდიული საფუძველი, რთული სათქმელია. ის რომ პოლონეთმა გაუქმებული პასპორტებით გამოატარა, თუ გაუქმებული იყო, რა თქმა უნდა, ეს ერთი მხარეა, მაგრამ, ფაქტია, რომ გადმოლახა საზღვარი და მოადგა უკრაინას. ნებისმიერ სხვა მოქალაქეს როგორც მინიმუმ ცალკე უთახში გაყვანდნენ გასაუბრებაზე. აქ კი დაიწყო ხან მატარებლების შეყოვნება, ხან ტერიტორიების დანაღმულად გამოცხადება და ა.შ.
გასაგებია, რომ პოლონეთთან არსებული შეთანხმებებით, მას სთავაზობდნენ უკან დაბრუნებას, მაგრამ, როცა მოქალაქე არ ასრულებს მოთხოვნას, სხვა პირის მიმართ სხვა ქმედებები განხორციელდებოდა. აბა სცადეთ იგივე უკრაინის ნებისმჯიერ სასაზღვრო პუნქტზე. ამ შემთხვევაში კი გაგრძელდა მრავალსაათიანი ძიძგილაობა.
ამ ყველაფერს მოყვა ის, რომ მომხრეებმა სააკაშვილი ძალის გამოყენებით შეიყვანეს უკრაინის ტერიტორიაზე და ჩასვეს ავტობუსში. მასაც რომ იგივე სურდა, ეს სხვა საქმეა. მე ვსაუბრობ იმაზე, თუ როგორ იქნება ეს წარმოჩენილი სასამართლოზე. სააკაშვილი ამ ვერსიას აჟღერებს, რომ მე ძალის გამოყენებით გადმომიყვანეს. სასამართლოზეც იგივეს იტყვის და ვიდეო მასალებითაც იგივე დამტკიცდება. თუ იქ მიტინგის მოწყობას და გენერლის შეურავხყოფას დააბრალებენ, არ ვიცი.
თუ დაკავების გზით წავლენ, მაშინ მოუწევთ კიდევ ათობით მომხრის დაკავება, რომლებმაც საზღვარზე სამართალდამცავთა კორდონები გაარღვიეს და შეიჭრნენ ნეიტრალურ ტერიტორიაზე. ეს სერიოზული კანონდარღვევაა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ქვეყანა საომარ ვითარებაშია და მამტკიცებელი საბუთებიც არსებობს. ვნახოთ ვინ გამოაჩენს უფრო ბასრ კბილებს და მყარ ხერხემალს.
თუ ამ გზით აპირებენ, მაშინ დროს რატომ წელავენ? საზღვრის დარღვევის ფაქტები მყისიერად უნდა აღიკვეთოს. ამის ნაცვლად ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს აძლევს დროს ოპოზიციურ ძალებთან მოლაპარაკებები აწარმოოს და სამოქმედო გეგმები შეიმუშაოს. ალბათ სახელისუფლებო წრეებში დროის გაწელვას და აჟიოტაჟის დამშვიდებას დაელოდებიან.
“რ”: ამ სცენარით საქართველოში ექსტრადირება რეალური ხდება?
ა.ს.: ექსტრადირება უფრო რეალური იქნებოდა, თუ საზღვარზევე აიყვანდნენ და საქართველოს გადმოსცემდნენ. ახლა, როცა დიდი ალბათობით პროცესები სასამართლოში გადაინაცვლებს და მიხეილ სააკაშვილს მოუწევს უკრაინის მოქალაქეობისათვის ბრძოლა, ხელისუფლება იძულებული იქნება დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
როგორც ვიცით, უკრაინა საკუთარი მოქალაქეების სხვა ქვეყნისთვის გადაცემას კანონის თანახმად არ ახდენს. სანამ მოქალაქეობის აღდგენისთვის სასამართლო დავა იქნება, მას ვერ გადმოგვცემენ. თუ ეს პროცესი სააკაშვილმა წააგო და საქართველოს მხრიდან ასეთი მოთხოვნა იქნება, მაშინ ექსტრადირება სრულიად რეალური გახდება. თუ მოახერხა მოქალაქეობის აღდგენა, ის დარჩება უკრაინის იურისდიქციაში და გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას,
თუ მას გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით, საზღვრის გადმოკვეთას ვგულისხმობ, ბრალს არ წაუყენებენ. უკრაინას იანუკოვიჩის დროს ჰქონდა უკვე ასეთი სცენარი, როცა იულია ტიმოშენკო ციხეში იჯდა, ოპოზიცია კი ამ ფაქტს და მის სახელს იანუკოვიჩის წინააღმდეგ იყენებდა. იულია ალბათ გულის სიღრმეში ასეთ სცენარზე ოცნებობს, ოღონდ ამ შემთხვევაში თვითონ იქნება გარეთ. მას პირველობა სურს, ამისთვის დიდი ხანია იბრძვის. მოკლედ, ექსტრადირებას სასამართლო დავების დასრულებამდე, არ უნდა ველოდოთ.
ერთს ვისურვებდი, რომ ყველამ გაუფრთხილდეს უკრაინას, მის სახელმწიფო ინტერესებს და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა არა ლვოვში, არამედ კიევში დაიწყონ. ეპიტცენტრის ლვოვში გადატანა შესაძლოა უკრაინისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს.
12.09.2017