დივერსია თუ შემთხვევითობა – რა ვერსიებს განიხილავენ საქართველოში გახშირებულ ხანძრებზე ექსპერტები

საქართველოში, ბოლო დროს გახშირებული ხანძრების ფონზე, საზოგადოების, პოლიტიკოსების და ანალიტიკოსების ნაწილი დივერსიის ალბათობაზე და ქვეყანაში ხანძრების კერების მიზანმიმართულად გაჩენაზე ალაპარაკდა.

ერთ-ერთი ვერსიით, გარკვეული ძალა, შესაძლოა, ხანძრებს ჰაერიდან, უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით აჩენდეს. ამ ვერსიის ავტორების აზრს გარკვეულწილად ამყარებს ის გარემოებაც, რომ ცეცხლის კერები, ტყის მასივებში მიუდგომ ადგილებში, თითქმის ერთდროულად, ძალიან მოკლე ინტერვალებით ჩნდება. ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე არ გამორიცხავს როგორც დაუდევრობას, ასევე დივერსიას. სალუქვაძის თქმით, შესაძლოა, გარკვეული ძალა ცდილობს, რომ მსგავსი ქმედებებით, ხელისუფლების დისკრედიტირება მოახდინოს და წარმოაჩინოს, რომ მმართველ ძალას არ შესწევს რესურსი შექმნილ ვითარებას ეფექტურად გაუმკლავდეს. ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ დისტანციური მართვის საფრენ აპარატს, ე.წ დრონის საშუალებით, ცეცხლის გამომწვევი საბრძოლო მასალების გადატანა და ჩამოგდება ტექნიკურად სრულიად შესაძლებელია, თუმცა მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ხანძრების უმეტესობა, დღის საათებში გაჩნდა, შეუძლებელია ე.წ. დრონი ვინმეს არ შეემჩნია.
„ მას შემდეგ რაც ხანძრებმა მასშტაბური ხასიათი მიიღო და ერთდროულად რამდენიმე კერა გაჩნდა როგორც ბორჯომში ისე დედაქალაქში და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, მაშინ გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდებოდა, და ასეთი ვარაუდი მეც გამოვთქვი, სტატისტიკას, რომ გადახედოთ იმ ქვეყნებში სადაც, ხშირად ჩნდება ხანძრები, მეტწილად ადამიანების დაუდევრობითაა გამოწვეული. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეიძლება ბუნებრივადაც გაჩნდეს ცეცხლი. ხანძარს ხშირად მეხიც აჩენს, თუმცა როგორც წესი, მეხს წვიმაც ახლავს და ცეცხლის კერა ქრება. საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში ისეთი ხშირი ინტენსივობით ჩნდებოდა ხანძრები საფუძველს მოკლებული არ არის არც დივერსიის ალბათობაზე და მიზანმიმართულ ქმედებაზე. გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს, გამოითქვა ვერსიაც, რომ გარკვეული ძალა შესაძლოა ხანძრებს ჰაერიდან, უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით აჩენდეს, ამ ვარაუდის ცალსახად უარყოფა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, დისტანციური მართვის საფრენ აპარატს, ე.წ დრონის საშუალებით, ცეცხლის გამომწვევი საბრძოლო მასალების გადატანა და ჩამოგდება ტექნიკურად სრულიად შესაძლებელია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ეს იყო უპილოტო თვითმფრინავი, თუ კოპტერი, რადგან მათი მოქმედების რადიუსი სხვადასხვაა. გამოითქვა ვარაუდოც, რომ ტერმიტული საშუალებებით შეიძლება გაჩნდეს ცეცხლი, თუმცა ტერმიტული მინარევების მიტანა კი ჩემი აზრით, დიდ მანძილზე შეუძლებელია. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ხანძრები ადამიანის ხელით არის გაჩენილი, დაუდევრობით თუ მიზანიმართულად ეს უკვე გასარკვევია, თუმცა ეჭვს, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება მიმძაფრებს შემდეგი გარემოება, როცა ბორჯომში გაჩნდა ხანძარი და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ვერ ერევა ხანძრებს, სწორედ მაშინ დამატებით კიდევ გაჩნდა, რამდენიმე ხანძარი – ეს გარემოება აძლიერებდა ჩემში ეჭვს, რომ ეს იყო ხელისუფლების წინააღმდეგ გამიზნული ქმედება, რათა მომხდარიყო ხელსუფლების დისკრედიტაცია. ეს შეიძლება მოდიოდეს შიდა ძალების მხრიდან, სუფთა პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. ასევე იყოს გარედან მართული, თუმცა ფაქტია, ბუნებას დიდი ზარალი მიადგა“, -აცხადებს ამირან სალუქვაძე.

ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აღნიშნავს, დივერსიული მიზნით ტყის ხანძრების გაჩენა არახალია და ასეთი ქმედება არაერთი ქვეყნის სპეცსამსახურს განუხორციელებია. მისი განმარტებით, ასეთ დროს დივერსანტები ცდილობენ, არ გამოვლინდეს მათი აქტიურობა და ყველაფერი ბუნებრივ პირობებს დაბრალდეს. ამისთვის ისინი სპეციალურ ტექნიკასა და ტაქტიკას იყენებენ.

„დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატები, იგივე დრონები, როგორც თვითმფრინავის, ისე შვეულმფრენის პრინციპით მფრენი თითქმის იდეალური საშუალებაა მიუვალ ტყის ფერდობებზე ხანძრების კერების გასაჩენად, განსაკუთრებით ღამით, როდესაც ერთ-ორმეტრიანი დრონის და მით უმეტეს, უფრო მინიატიურული კვადროკოპტერის შემჩნევა, როდესაც მათ გამორთული აქვთ გაბარიტული მაშუქები, თითქმის შეუძლებელია. მათი აღმოჩენა ყველაზე ძლიერი რადიოლოკაციური კონტროლის მქონე ქვეყნების არმიებსაც უჭირთ და ცხადია, მით უფრო გაუჭირდებოდა ქართულ საჰაერო თავდაცვას, თანაც ხეობებში, დაბალ სიმაღლეზე“, -წერს ირაკლი ალადაშვილი

„კვირის პალიტრაში” ირაკლი ალადაშვილის აზრით, საშუალო ზომის რუსულ სადაზვერვო დრონებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ადვილად შეეძლოთ ბორჯომის ხეობაში ღამით მალულად შემოფრენა და მცირეგაბარიტიანი ტერმიტული ყუმბარების ჩამოყრა, რომლებიც მაღალი ტემპერატურის გამოყოფით იწვის და კომპოზიციური მასალისგან დამზადებული ყუმბარის კორპუსსაც უკვალოდ “აქრობს”, რათა ნივთმტკიცება არ დატოვოს.

„საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე კი აცხადებს, რომ მაღალი სიცხეების დროს ტყის ხანძრები ჩვეულებრივი მოვლენაა და ამიტომ, ცალსახად საუბარი საფუძველს მოკლებულია. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში საკმაოდ დიდი ხანია გვალვაა, სრულიად შესაძლებელია, რომ ცეცხლი სწორედ ამ ფაქტორით იყოს გამოწვეული.

„ მაღალი სიცხეების დროს ტყის ხანძრები ჩვეულებრივი მოვლენაა, საკმაოდ დიდ ხანია გვალვაა საქართველოში, ნიადაგი გამშრალია, ამიტომ ტყის ხანძრები კიდევ არის მოსალოდნელი, შესაძლებელია ტყის ხანძარი დაუდევრობამაც გამოიწვიოს, რადგან ჩვენდა სამწუხაროდ მოსახლეობა მიეჩვია ტყეებში ნაგვის დაყრას, განსაკუთებით ტურისტები და მოპიკნიკე დამსვენელბლემა იციან ნაგვის დატოვება ადგილზე, მაგალითად კახეთის ზონაში იმდენად გამომშრალია ეკოსისტემები, რომ პოლიეთილენის ბოთლის პატარა ნაგლეჯიც კი საკმარისია მზის სიმხურვალით აალდეს. ჩვენდა სამწუხაროდ, თბილისის გარშემო ძალიან ბევრ ადგილასაა ნაგავი გატანილი ტყეში, ისევე როგორც მთელს საქართველოში. ნაგავმა იცის გახურება 70გრადუსამდე ადის და როცა მაღალი ტემპერატურაა და ნიადაგი გამომშრალია აალება გარდაუვალია. ​ ამასთან სატყეო სექტორი არ არის მზადყოფნაში. მას არ აქვს შესაბამისი სახანძრო ბილიკები, სატყეო მეურნეობები იყო აღსადგენი, ამ სექტორის დაფინანსება ძალიან მწირია. ტყის მცველების შემცირება მოხდა და 4 000 ჰექტარზე ერთი მეტყევე ვერ მოახდენს ხანძრის პრევენციას, თუ ჩვენ შესაბამის მზადყოფნაში არ ვიქნებით ზარალი ყოველწელს მოიმატებს“, – აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.

მოცემული მომენტისთვის ხანძარს ებრძვიან ხულოში, შავნაბადას მთაზე. ხანძრის ლოკალიზების პროცესში ცოტა ხანში საქართველოს კუთვნილი ვერტმფრენი ჩაერთვება, რამდენიმე საათში კი უკვე თურქეთიდან დამატებით ერთი ვერტმფრენი ჩამოფრინდება. ამ დროისთვის, ცეცხლის კერებთან უკვე შეყვანილია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები