2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის საკოლექციო მონეტა გამოიცემა
საქართველოს ეროვნული ბანკი, ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან თანამშრობლობით, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის საკოლექციო მონეტას გამოსცემს. ამ ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ფეისბუქგვერდი ავრცელებს.
როგორც „კვირას“ ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, საქართველო საპატიო სტუმარის სტატუსით წარდგება. ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე, ჩვენი ქვეყნის მიზანია გააცნოს მსოფლიოს ქართული ლიტერატურისა და კულტურის საერთაშორისო მნიშვნელობა და აქტუალობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, გამოეხმაუროს ქვეყნისათვის ამ მეტად მნიშვნელოვან მოვლენას და ქართული წიგნის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტა გამოუშვას.
ქართული წიგნის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტის დიზაინზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია. საკონკურსო განაცხადების მიღება 2017 წლის 15 სექტემბრის 18:00 საათზე დასრულდება.