ნატო-მ ბალტიის ზღვაზე რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს გზა გადაუჭრა, – ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა ლიეტუვაში განლაგებულ ფრანგულ სამხედრო კონტინგენტზე დაყრდნობით იუწყება, ბალტიის ზღვაზე, ოპერაციაში ჩართული იყო შვედეთის, ფინეთის, პოლონეთის, დანიის, რუმინეთის და საფრანგეთის Rafale-ის ტიპის თვითმფრინავები.
რუსული სამხედრო თვითმფრინავების ჯგუფი შედგებოდა ორი ზებგერითი Tu-22M3-ის ტიპის ბომბდამშენით და დაახლოებით ათი Su-30-ის და Su-35-ის ტიპის გამანადგურებლებით.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ფრენა წინასწარ იყო დაგეგმილი და ნეიტრალურ წყლებზე, საჰაერო სივრცეში საერთაშორისო წესების სრული დაცვით განხორციელდა.
„მარშრუტის გარკვეულ ეტაპებზე, შორი მოქმედების ბომბდამშენებს უცხო სახელმწიფოების გამანადგურებლები ახლდნენ.
შორი დიაპაზონის ავიაციის ეკიპაჟები რეგულარულად ახორციელებენ ფრენებს არქტიკის, ჩრდილო ატლანტიკის, წყნარი ოკეანის, ასევე ბალტიის და შავი ზღვების ნეიტრალურ წყლებში. რუსეთის კოსმოსური ძალების თვითმფრინავების ყველა ფრენა ხორციელდება საჰაერო სივრცის გამოყენების საერთაშორისო წესების მკაცრი დაცვით“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.