კულტურის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში იწყება

5-8 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში მიემგზავრებიან.როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძე დელეგაციის წევრებთან ერთად მოინახულებს თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს – პარხალის, ხახულის, ოშკისა და ოთხთას ეკლესიებს.დაგეგმილია ასევე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის შეხვედრა თურქ კოლეგასთან. შეხვედრის დროს, მხარეები განიხილავენ ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებით.ქართული დელეგაციის წევრებს შორის ასევე არიან: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი გიორგი გაგოშიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციის სამსახურის სანებართვო პირობების კონტროლის განყოფილების უფროსი ნიკოლოზ ზაზუნიშვილი, UNESCO-სა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტი თინათინ კუბლაშვილი და ხელოვნებათმცოდნე, ექსპერტი ირინე გივიაშვილი.
23 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერა საქართველოსა და თურქეთს შორის 2017 – 2021 წლებში, კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას. მხარეებმა ვალდებულება აიღეს, ითანამშრომლონ თეატრის, კინოს, ლიტერატურის, კულტურული მემკვიდრეობისა და სხვა სტრატეგიული მიმართულებებით.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, მხარეები განახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე ოსმალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას, ასევე უზრუნველყოფენ კომპეტენტური ორგანოების თანამშრომლობასა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები