ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი – Batumi Music Fest დაიწყო

ბათუმში კლასიკური მუსიკის მე-5 საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest დაიწყო.
ტრადიციისამებრ, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე Batumi Music Fest-ი ფესტივალის დამფუძნებელმა ელისო ბოლქვაძემ ბათუმის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გახსნა. ქართველ პიანისტთან ერთად სცენაზე გამოვიდა ვიოლონჩელისტი ალექსანდრ ჩაუშიანი. ორკესტრს დავით მუქერია დირიჟორობდა.
საღამოზე აჟღერდა რიჰარდ ვაგნერის ოპერა “რიენცის” უვერტიურა, სენ-სანსის კონცერტი ვიოლონჩელოსა და ორკესტრისთვის და ბეთჰოვენის №1 საფორტეპიანო კონცერტი.
კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest, რომელიც ბათუმში 2-8 სექტემბერს მიმდინარეობს, სცენაზე შეკრებს როგორც ცნობილ მუსიკოსებს, ისე სხვადასხვა ქვეყნის ვარსკვლავებს.
ბათუმის კლასიკური მუსიკის მეხუთე, საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალის მთავარი მიზანი მომავლის მუსიკოსების აღმოჩენა და მათი ნიჭის წარმოჩენაა. წელს ფესტივალში აქტიურად ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მუსიკით, ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად ახორციელებს მუსიკალურ ბანაკს, რომელიც ახალგაზრდების კულტურული ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
ფესტივალის ფარგლებში შემუშავდა არტ-კამპის უნიკალური პროგრამა, რომლითაც 300-მდე მუსიკით დაინტერესებულ მოსწავლეს საშუალება მიეცემა, სხვა სპორტულ, გასართობ და შემეცნებით აქტივობებთან ერთად, სპეციალურად შემუშავებულ ინოვაციურ მუსიკალურ ტრენინგებს დაესწრონ. ყოველ საღამოს კი, ახალგაზრდები საფესტივალო კონცერტებს მოისმენენ და მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურებენ.
რიგით მეხუთე საიუბილეო ფესტივალი, რომლის ავტორია ცნობილი ქართველი პიანისტი და “იუნესკოს არტისტი მშვიდობისთვის” ელისო ბოლქვაძე, იუნესკოს პატრონაჟით ტარდება — ეს საქართველოს ფესტივალების ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები