ცესკო ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს სასამართლოში უჩივის (ვიდეო)

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“– ის 9–საათიან „კურიერში“ ცესკოს მიერ შესყიდვების წარმოებასთან დაკავშირებულ სიუჟეტში დაშვებულ უზუსტობებზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ ბრიფინგი გამართა. შარაბიძემ „რუსთავი 2“ -ზე, მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ ინფორმაციაზე შესყიდვებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია იმიჯისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობის გამო, ჟურნალისტის, ეკო მაღრაძის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს.
„სიუჟეტი შეიცავდა მცდარ ინფორმაციას, რომელიც აზიანებს საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯსა და ზოგადად, საარჩევნო გარემოს. აქედან გამომდინარე, ცესკო მიმართავს ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლოს, რათა მას დაევალოს სიუჟეტში აღნიშნული არასწორი ფაქტების საჯაროდ უარყოფა“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.
მისივე თქმით, „გუშინ, 9-საათიან კურიერში გავიდა ჟურნალისტ ეკო მაღრაძის მიერ მომზადებული სიუჟეტი ცესკოს საარჩევნო შესყიდვებთნ დაკავშირებით, რომელიც შეიცავდა არსებით ფაქტობრივ უზუსტობებს. კონკრეტულად, სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში გაცხადდა, რომ ცესკო ტენდერებს ფაქტობრივად აღარ ატარებს და მომსახურებას ყიდულობს იმ კომპანიებისგან, რომელსაც ხელმძღვანელობა თავად არჩევს. რაც მცდარია, ვინაიდან შესყიდვებისთვის ხდება ფასთა წინასწარი კვოტირებები, ასევე, ხდება შესასყიდი პროდუქციის შესწავლა წარმოდგენილი ნიმუშების მიხედვით. სულ 2017 წლის მანძილზე, არასაარჩევნო პერიოდში, გამოცხადდა 76 ტენდერი, რომელთაგანაც არ შედგა 26 ტენდერი, მათ შორის, ორჯერ გამოცხადების შემდგომ 6 ტენდერი, ხოლო წარმოქმნილი ეკონომია 177 ათას ლარს შეადგენს.
რაც შეეხება საარჩევნო პერიოდის შესყიდვებს, იგი ხორციელდება კონკრეტული წლის საარჩევნო ბიუჯეტიდან და საარჩევნო კოდექსის 52–ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით. ცესკო უფლებამოსილია განახორციელოს ასეთი შესყიდვები, გამომდინარე საარჩევნო პროცესების მნიშვნელობიდან და შესაბამისი ვადებიდან. ასე რომ, საარჩევნო პერიოდში განხორციელებული შესყიდვების კანონიერება აბსოლუტურად ეჭვგარეშეა“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ.
მისივე თქმით, ჟურნალისტმა სიუჟეტში შესყიდვის კოდები დაასახელა და არა ის, თუ რა იქნა რეალურად შესყიდული.
„აღსანიშნავია, რომ სიუჟეტში ჟურნალისტმა დაასახელა შესყიდვის კოდები და არა ის, თუ რა იქნა რეალურად შესყიდული, მაგალითად, საბიუჯეტო სპეციფიკიდან გამომდინარე, კოდს ჰქვია „საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები“, თუმცა, რეალურად, შესყიდულია საარჩევნო უბნებზე ბიულეტენის კონვერტები, ხოლო სახელმწიფო კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, A4 ფორმატის ქაღალდი, რომლითაც მარაგდება ცესკო, საოლქო საარჩევნო კომისიები, ცესკოს სტამბა საარჩევნო დოკუმენტაციის, მათ შორის, ამომრჩეველთა კედლის სიების დასაბეჭდად“, – განაცხადა შარაბიძემ.
მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული შესყიდვების ყველა ხელშეკრულება საჯაროდ ხელმისაწვდომია და შესაბამისად, საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, მით უმეტეს, სიუჟეტის ავტორს, შეეძლო ამ დოკუმენტების სრულად ნახვა.
„ზემოაღნიშნულის მიუხედავად, რაც ყველაზე სამწუხაროა, სიუჟეტის ბოლოს, ჟურნალისტმა დაასახელა აბსოლუტურად მცდარი თანხა, ნაცვლად საკომუნიკაციო სტრატეგიის და სარეკლამო კამპანიის კონცეფციის შექმნისათვის გადახდილი 77.974,97 ლარისა, დასახელდა 793 ათასი ლარი, როგორც დახარჯული კვლევებსა და სტატისტიკებში, ანუ 10 ჯერ მეტი თანხა, სულ სხვა მიზნობრიობით“, – აღნიშნა შარაბიძემ.
ჩვენ, მიმდინარე დავის ეთიკის ჭრილში შეფასებისთვის,საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას დავუკავშირდით. ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა განაცხადა, რომ მას ეს სიუჟეტი ნანახი არ აქვს და კონკრეტულ სიუჟეტზე კომენტარს ვერ გააკეთებს, ვინაიდან ამ საკითხზე შეიძლება განცხადება შევიდეს ქარტიაში და თუ ორგანიზაციამ წინასწარ დააფიქსირა თავისი პოზიცია, ამ შემთხვევაში, მიმართვას ქარტიისადმი აზრი ეკარგება.
„მე ვუშვებ იმას, რომ ცესკომ შეიძლება მომართოს ქარტიას და მე ვფიქრობ, ეს სწორი იქნება. თუკი მას მიაჩნია, რომ „რუსთავი 2“–მა დაარღვია ქარტიის რომელიმე პრინციპი და მათ აქვთ პრეტენზია, აუცილებლად უნდა მომართონ ქარტიას. ქარტია არის თვითრეგულირების ორგანო და თუკი ცესკო მომართავს ამ ორგანოს, ცხადია, საბჭო იმსჯელებს ამ მასალის შესახებ და დაადგენს, იყო თუ არა დარღვევა ქარტიის რომელიმე პრინციპის“, – განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები