კვირიკე დიდის სამარხი, სავარაუდოდ, ნაპოვნია – არქეოლოგიური მოკვლევის სამუშაოები მალე დაიწყება

ახლო მომავალში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურის ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აღმოჩენილ სამარხზე არქეოლოგიური მოკვლევის სამუშაოებს დაიწყებს, რაც ახალი აღმოჩენის ისტორიული მნიშვნელობას მეტ სიცხადეს შესძენს, – აცხადებენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ამ დღეებში აღმოჩენილ, სავარაუდოდ, კვირიკე დიდის სამარხზე.
კვირიკე დიდის სამარხი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. კალაურის ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმართულ სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოების დროს გამოვლინდა.
ეკლესიის სამხრეთის მინაშენის საკურთხევლის აბსიდის წინ აღმოჩენილ საფლავზე, რომელიც ნათალი ქვითაა ნაშენი, ვრცელი ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი, რომელშიც გარკვევით იხსენიება რანთა და კახთა მეფე კვირიკე.
სააგენტოს სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სამარხი, სწორედ კვირიკე დიდის განსასვენებელი უნდა იყოს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელოვნებათმცდოცდნის, გიორგი გაგოშიძის მიერ უკვე აღებულია სამარხის ეპიტაფიის ასლი, რომელსაც სხვა სპეციალისტებთან ერთად მომდევნო დღეების განმავლობაში დეტალურად შეისწავლიან.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კალაურის ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სარესტავრაციო პროცესს 2015 წლიდან ახორციელებს. 1 წლის განმავლობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები სააგენტოს დაფინანსებით წარიმართა. 2016 წლიდან კი სარესტავრაციო პროცესზე, რომელიც კვლავაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს, ფინანსური მხარდაჭერის ვალდებულება ფონდმა „ქართუმ“ აიღო. რეაბილიტაციის სამუშაოებს, არქიტექტორ-რესტავრატორი თამაზ დვალი ხელმძღვანელობს, სარესტავრაციო პროცესი კი თამაზ დვალისა და არქიტექტორ ნოდარ მინდორაშვილის თანაავტორობით მომზადებული პროექტის მიხედვით ხორციელდება.
კალაუბნის ნათლისმცემლის სამონასტრო კომლექსი 3-ეკლესიან ბაზილიკას წარმოადგენს, რომელსაც დიდი სატრაპეზო და რამდენიმე დამხმარე ნაგებობა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები