ამირან სალუქვაძე რუსეთის დახმარებასთან დაკავშირებით

1. მორალის ამბავია. რამდენიმე კითხვა ვნახე, თქვენს კარმიდამოს რომ ეხებოდეს, როგორ მოიქცეოდითო? პასუხებიც მოსალოდნელი იყო, ზოგი ისე წერს, ზოგიც ასე. ვინც წერს, უარს ვიტყოდი დახმარებაზეო, სიცრუის დეტექტორზე უნდა გაატარო, რათა გულრწფელობაში დავრწმუნდეთ. ვისაც კარმიდამო არ აქვს, ის გულწრფელად იტყვის. რასაც ახლა ვწერ, სულაც არ ნიშნავს, რომ დახმარება უნდა მიგვეღო. პირიქით, გაგახსენებთ ომის დროს კი არა, – ომი ომია და ხან იწვის და ხან ფეთქდება, – ომის შემდეგ გადამწვარ და ბულდოზერებით გასწორებულ ქართულ კარმიდამოებს. მაშინაც უნდა გვეთხოვა დახმარება? თუ ეს რუსების მიერ ან მათი მხარდაჭერით არ მოხდა? ღმერთმა ნუ გაგვიჭირვოს ისე, რომ იმ სახელმწიფოს მხარდასაჭერი დავრჩეთ, რომელსაც მინიმუმ (მინიმუმ) ორჯერ ვეომეთ ჩვენს მეხსიერებაში და თუ განახლებულ რიტორიკას გადავხედავთ, ისევ მოგვიაზრებენ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. რუსეთის თემას დავუბრუნდები.
2. პრემიერმა გასცა გაწონასწორებული, დიპლომატიური პასუხი: “ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და ვალდებულნი ვართ ყველა ვარიანტი განვიხილოთ, თუმცა, ამ ეტაპზე, ამის საჭიროება არ არსებობსო“. რა არ მოგწონთ ამ პასუხში? შეიძლება არ მოგწონთ მმართველი გუნდი, არ მოგწონთ პრემიერი, მაგრამ რაც მოსაწონია, იმის მოწონების უნარი ხომ უნდა გქონდეთ? ნორმალური, დიპლომატიური პასუხი იყო, რომელიც გასაგები უნდა იყოს, რასაც ნიშნავს. ალბათ ფიქრობთ, წყევლა და დედის გინება უნდა გაეგზავნა. თან თქვენვე იძახით, ვერ შეძლეს რუსეთთან დალაგებაო და, ამავე დროს, დალაგების მომხრეებიც ხართ. ზოგი პოლიტიკოსი ასეა: თუ არაა ხელისუფლებაში, წყალს წაუღია ყველაფერი, თუ არის ხელისუფლებაში, – წყალს ატანს ყველაფერს.
3. თუ სტიქიებისას სხვისი დახმარება დაგვჭირდება და რუსეთის გარდა არავინ გვედგება გვერდში, ღირსი ვიქნებით, დავუბრუნდეთ დიდი იმპერიის კალთებს.
4. რუსეთის თემას დავუბრუნდეთ. რუსეთის დახმარება კი არ უნდა იყოს დიალოგის ან ურთიერთობის დათბობის საწინდარი, პირიქით, ჯერ დიალოგი უნდა შედგეს და დიალოგი უნდა იყოს დახმარების თუ ურთიერთობების დალაგების საწინდარი.
საერთოდ კი საზოგადოებები (აქაური და იქაური) უნდა იყვნენ მზად იმისათვის, რომ ასეთი ან ამაზე უარესი უბედურების დროს დახმარება მივიღოთ საოკუპაციო ძალისგან. საზოგადოება არაა მზად. ზოგისთვის მართლა მიუღებელია, ზოგისთვის პოლიტიკურადაა ასე საჭირო, ზოგი კი მზადაა. მესამე ჯგუფი უმცირესობაშია და ესაა მიზეზი, თორემ…
თორემ, გააჩნია რას როგორ შევხედავთ. თუ ვაჭრობა გვაქვს სახელმწიფოსთან და ვაჭობაზე არც წინა ხელისუფლება იყო წინააღმდეგი და არც მოქმედი, რითი განსხვავდება ვაჭრობა სახანძრო შვეულმფრენიდან. შეგვეძლო გვეყიდა ეს მომსახურება. ასევე, ომის შემდეგ საზღვარზე რომ დავხვდით და დავპატიჟეთ, ჩამოდითო, ვიზები გავუმარტივეთ და ა.შ. მაშინ არ იყო ჰიბრიდული და ყველანაირი ომი? რითი განსხვავდება ეს სახანძრო შვეულმფრების ან თვითმფრინავის მიღებისგან? არაფრით.
სანქტ-პეტერბურგის ტერაქტის დროს ყველა ორიენტაციის პოლიტიკოსმა წუხილი და სამძიმარი გამოთქვა, რასაც მეც ვიზიარებ. ტერაქტის დროს სამძიმარს და სტიქიის დროს დახმარებას შორის სხვაობა არის?
რუსული საზოგადოება, მისი პოლიტიკური ელიტა საქართველოს არ განიხილავს თანასწორუფლებიან (თანაბარი და თანასწორუფლებიანი განსხვავდება) პარტნიორად ან მოსაუბრედ. თუ არ გჯერათ, გადახედეთ რუსულ მედიას.
მოკლედ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას როგორ ვთარგმნით. ჩემი პოზიცია ისაა, რაც მე-2 პუნქტში წერია.
5. რამდენიმე საათში ავტვირთავ ვიდეო ბლოგს, რომელიც ეხება სუპერ პუმებს, დივერსიის თემას და სხვა ცხელ საკითხებს, მ.შ. ავიაციის პრობლემებს.
უფრო დეტალურად ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ვისაუბრებ და მივაწვდი წინადადებებს მთავრობას, უ.ს. პრემიერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები