უმრავლესობის ლიდერის თქმით, საქართველოს მეზობელი ქვეყნების სრული მხარდაჭერა აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სტიქიასთან ბრძოლაში საქართველოს მეგობარი და მეზობელი ქვეყნების სრული მხარდაჭერა აქვს.
თალაკვაძე ქედს იხრის მეხანძრე-მაშველებისა და იმ პროფესიონალების წინაშე, რომლებმაც პროფესიონალიზმის და თავდადების მაგალითი აჩვენს ბოლო დღეების განმავლობაში.
“სტიქიასთან და ხანძართან ბრძოლის პროცესში ჩართულია უპრეცედენტოდ დიდი მოცულობით ადამიანური რესურსი, ტექნიკური რესურსი, გუშინ მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა ხუთი საფრენი აპარატი. დღეს დაემატა კიდევ ორი საფრენი აპარატი. ჩვენ გვაქვს ჩვენი მეგობრების და ჩვენი მეზობელი ქვეყნების სრული მხარდაჭერა ამ საქმეში, არის უპრეცენდენტო ერთიანობა სამოქალაქო საზოგადოების და ხელისუფლების თავად ადგილზე. პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს საგანგებო შტაბს, სადაც ყველა შესაბამისი უწყება არის მობილიზებული და ერთიანი კოორდინაციის ქვეშ. გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ასევე მოსამზადებელი სამუშაოები რეზერვების მობილიზების კუთხით, შევსების კუთხით, ასევე შეიქმნა დამატებითი რეზერვუარები სახანძრო ვერტმფრენებისთვის მდინარის კალაპოტში, კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს ამ სტიქიის ლიკვიდაცია და მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ამ სტიქიასთან გამკლავებას და ამის საფუძველს მაძლევს ის უპრეცედენტო ერთიანობა, რაც არსებობს სტიქიის წინააღმდეგ”, – აღნიშნა თალაკვაძემ.
დეპუტატი მადლობას უხადის, ასევე სამხედრო შეიარღებულ ძალებს, თავდაცვის მინისტრს და თითოეულ ჯარისკაცს, რომლებმაც გუშინ უმოკლეს დროში გმირული თავდადების მაგალითი აჩვენეს და მოახერხეს ასევე სხვა ხანძრის კერის ლოკალიზება და ლიკვიდაცია ატენის ხეობაში.
“კეთდება ყველაფერი, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის მიღებულია ყველა სათანადო ზომა. დასახლებულ პუნქტებთან დგას სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, შესაბამისი მანქანები, წყლის რეზერვი არსებობს ადგილზე, და აღმასრულებელი ხელისუფლება, ჩემი ინფორმაციით, მზად არის ყველა შესაძლო სცენარის მართვისთვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს გმირებს, მეხანძრე-მაშველებს და მთელ პირად შემადგენლობას, რომელიც ადგილზე თავდადებით ებრძვის ამ სტიქიას”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
ბორჯომის ხეობაში ხანძარი 20 აგვისტოდან მძვინვარებს. სტიქიის შედეგად 12 ჰექტარზე მეტი ფართობი დაიწვა. 22 აგვისტოს კი ხანზარი გაჩნდა ატენის ხეობაშიც, რომლის ლიკვიდაცია გუშინვე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები