პრემიერის განცხადებით, ბორჯომის ტყე-პარკის აღსადგენად შესაძლოა, სპეციალური ფონდი შეიქმნას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ, დანაკარგის მიუხედავად, გულის გატეხვის დრო არ არის. მისი თქმით, ერთობლივი ძალებით ყველაფერი აღდგება.
„ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა გაგვიწიეს დახმარება, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა, ბელორუსიამ. უნდა ვთქვა, რომ ჩვენი მეგობრებისგან ყოველ წუთს მოდის შემოთავაზება დახმარებაზე. ჩვენ ამ სტიქიას ერთობლივად დავამარცხებთ. ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, სანამ ცეცხლი ბოლომდე არ ჩაქრება, შტაბი გააგრძელებს მუშაობას. ერთობლივი ძალებით აუცილებლად დავამარცხებთ ამ სტიქიას და მეორე დღიდანვე დავიწყებთ მუშაობას, რომ ეს ტყე-პარკი აღვადგინოთ. დანაკარგი მძიმეა, მაგრამ გული არ გავიტეხოთ, როგორც ერთობლივად ვებრძვით სტიქიას, ისე ერთობლივად აღვადგენთ. შეიძლება შევქმნათ ფონდი, სადაც, ჩვენი მეგობრების მონაწილეობით, ისევე გავალამაზებთ ამ ბუნებას, როგორც ამ ხანძრამდე იყო. დიდი მოცულობით ფართობი დაიწვა, ჩვენ ამ სტიქიას ბოლომდე დავამარცხებთ და აღვადგენთ ტყე-პარკს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოში ბოლო დღეებში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. ბორჯომში ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა, რის შედეგადაც 12 ჰექტარი ფართობი დაიწვა. 22 აგვისტოს ხანძარი გაჩნდა ატენის ხეობაში, თიანეთსა და თბილისში. ამ ეტაპისთვის, გარდა ბორჯომის ხანძრისა, ყველა ლიკვიდირებულია. ბორჯომის ხეობაში სტიქიასთან ბრძოლაში ჩართულია აზერბაიჯანის, თურქეთისა და ბელორუსიის ვერტმფრენები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები