გლდანის VII მიკრორაიონში დაზიანებულ წყლის მილზე აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია

 გლდანის VII მიკრორაიონში, ხიზანიშვილის ქუჩა N92-ის მიმდებარედ, დაზიანებულ წყლის მილზე აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია. ადგილზე იმყოფებოდნენ: თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, გლდანის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” და „ყაზტრანსგაზის-თბილისის“ მენეჯმენტი. როგორც გიგა ნიკოლეიშვილმა განაცხადა, მილის დაზიანების გამო რამდენიმე სარდაფი დაიტბორა, თუმცა კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისმა” ოჯახებს ზარალი სრულად აუნაზღაურა.
“აღდგენითი სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ თანამშრომლებმა უწყვეტ რეჟიმში იმუშავეს. მილის დაზიანების შედეგად რამდენიმე სარდაფი დაიტბორა, თუმცა დაზარალებულ ოჯახებს „ყაზტრანსგაზმა“ ზარალი სრულად აუნაზღაურა”, – განაცხადა გიგა ნიკოლეიშვილმა.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მაგისტრალური ქსელის დაზიანება გუშინ საღამოს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ტექნიკური სამუშაოების წარმოებისას მოხდა. “ყაზტრანსგაზის“ სამუშაოების დროს მილი მექანიკურად დაზიანდა. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ბრიგადები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ. სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია და მოსახლეობას წყალმომარაგება აღუდგება”, – განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციულმა დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები