ატენის ხეობაში ხანძრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ატენის ხეობაში ხანძრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე 188-ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ  ატენის ხეობაში, ზემო ბოშურში, ამ წუთებში ხანძარია.  როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ბოშურიდან ცუდი კომუნიკაციის გამო, ახალი ინფორმაციის მიღება ძნელად ხერხდება. მდგომარეობას ართულებს ბოშურის მთიანი რელიეფიც, რის გამოც ტექნიკის შეყვანა ხანძრის ადგილას რთულდება.

ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” მიმართა. ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კი განაცხადა, რომ პარლამენტის ხვალინდელ რიგგარეშე სესიაზე, ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრების ლიკვიდაციის პროცესში სამხედრო ძალების ჩართვას დაამტკიცებენ. ეს შეეხება არა ბორჯომში არსებულ ვითარებას, არამედ ატენში არსებული ხანძრის კერას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები