ისტორიულ ტაო-კლარჯეთში უცნობ ასომთავრულ წარწერას მიაკვლიეს

ისტორიულ ტაო-კლარჯეთში უცნობ ასომთავრულ წარწერას მიაკვლიეს. ეს ადგილი თურქეთის ტერიტორიაზე, სოფელ მერენესშია. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრზე დაყრდნობით, რომელიც ამ რეგიონში კვლევით სამუშაოებს ატარებს, 1tv.ge ავრცელებს.
წარწერა სოფელში, წყლის არხის გაყვანის დროს, მიწაში 11 ივლისს იპოვეს. აქვე შემორჩენილია ეკლესიის ფრაგმენტებიც, საიდანაც ჩანს, რომ ეკლესია ძალზე მასშტაბური იყო. დგილობრივი მოსახლის სახლში ჩატანებულია ჯვრის ორნამენტიანი ქვაც.
ასომთავრული წარწერის ტექსტში ქართველი მეფეების შესახებ ცნობებია დაცული. ამ წერია, რომ 954 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა აშოტ კურაპალატი, ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფოს ერთ-ერთი ხელმწიფე, ბაგრატიონთა სახლის ტაოს შტოს წარმომადგენელი.
წარწერა წაიკითხა და ისტორიულ-პალეგრაფიული ანალიზი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორმა, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა თემო ჯოჯუამ ჩაატარა.
მერენესის მე-10 საუკუნის ასომთავრული წარწერის კვლევა გაგრძელდება და, მეცნიერთა ვარაუდით, იგი ტაო-კლარჯეთის ისტორიის არაერთ სადავო თუ ბუნდოვან საკითხს მოჰფენს ნათელს.
წარწერის ტექსტი: „[გ(ა)რდ(აი)ც]ვალა აშ{ო}ტ | [კ(უ)რ(ა)პ(ა)ლ(ა)]ტი ქრ{ო}ნ{ი}კ{ო}ნსა | [რ]ჲიდ (174+780=954 წ.), თ(უეს)ა ი{ა}ნვ{ა}|რსა კე (25). ღ(მერთმა)ნ დ(ი)დ(ე)ბ(უ)ლ ყ|ვ{ე}ნ ს(უ)ლი მ(ა)თი. აღ(ე)შ(ე)ნა [წ(მიდა)ჲ] | ეკლ{ე}სი{ა}ჲ ჴ{ე}ლითა მ{ი}ქ{აე}ლ{ი}ს{ი}თ[ა], | ღ{უე}რკ{ე}ლ{ი}ს{ი}თა და თ{ო}მ{ა}სითა, | [-]რთვს{ი}თა (?), [-]მ[-]თრს{ი}თა (?), [ა(მე)ნ] (?)“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები