ეროვნული არქივის წარმომადგენლებმა აჭარელ კოლეგებთან შეხვედრაზე საარქივო სფეროს აქტუალური საკითხები განიხილეს
საარქივო სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, სიახლეებისა და გამოწვევების პროფესიულ წრეში განხილვისათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის წარმომადგენლებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველოში სამუშაო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.
არქივისტებმა იმსჯელეს დოკუმენტების დაცვისა და აღრიცხვის, სამეცნიერო-საცნობარო აპარატის გაუმჯობესების, ეროვნული საარქივო ფონდის დაკომპლექტების საკითხებზე. ეროვნული არქივის წარმომადგენლებმა კოლეგებს გაუზიარეს გამოცდილება დაწესებულებათა საუწყებო არქივების, საექსპერტო კომისიების მუშაობისა და დაწესებულებების დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების მიმართულებით; განხილულ თემებს შორის იყო მოქალაქეთა და მკვლევართა მომსახურების, ციფრული არქივებისა და დოკუმენტების დიგიტალიზაციის საკითხები.
ეროვნული არქივი, როგორც ეროვნული საარქივო ფონდის მართვასა და განვითარების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია, საარქივო სფეროს განვითარებისათვის მუდმივად თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ სხვადასხვა საარქივო დაწესებულებასთან.