„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის კომენტარები მომზადდა

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის კომენტარების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა გახსნა. სტუმრებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ და კომპანია EVOLUXER-ის წარმომადგენელმა, მაია ნებიერიძემ მიმართეს.
პრეზენტაციას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო, არასამთავრობო და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც “კვირას” უწყებიდან აცნობეს, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი 2013 წლის 12 ივლისს იქნა მიღებული, ის ერთ-ერთი პირველი ნორმატიული აქტია, რომელმაც მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა აგროკოოპერაციის განვითარებას და რომლითაც მოხდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შექმნისა და ფუნქციონირების ორგანიზაციული ნორმების დადგენა, ასევე, განისაზღვრა კოოპერატივის შიდასაწარმოო ეკონომიკური ურთიერთობების ძირითადი წესები.
მათივე ინფორმაციით, კანონის კომენტარები მომზადდა მკითხველთა ფართო წრისათვის. მისი გამოყენება მნიშვნელოვნად გაამარტივებს კანონით გაწერილი ნორმების აღქმასა და პრაქტიკაში გამოყენებას.
პუბლიკაცია გადაეცემათ აგროკოოპერაციით დაინტერესებულ პირებს და მისი ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე – www.acda.gov.ge
აღსანიშნავია, რომ კანონის კომენტარები მომზადდა და გამოიცა ესპანური კომპანია EVOLUXER-ის მხარდაჭერით, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს გაძლიერების“ პროექტს ახორციელებს.
ცნობისთვის, დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1500 -ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით, კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები