სოფო კილაძე: ვახტანგ გომელაურთან დაკავშირებული “რუსთავი 2”-ის სიუჟეტი არის ცილისწამება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ვახტანგ გომელაურთან დაკავშირებით “რუსთავი 2”-ზე გუშინ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
“მედიის თავისუფლება არ მოიცავს ცილისწამების თავისუფლებას. ადამიანს ჰქონდა პრობლემები ოჯახში, ის გაიქცა ოჯახიდან მეგობართან ერთად საზღვარგარეთ და ახლა ხდება ამის ისე შეფუთვა, თითქოს რაღაც პოლიტიკური სარჩული ედო ამ ყველაფერს და თითქოს რაღაც ჯგუფის შექმნა იგეგმებოდა და “ზეწოლას“ ვერ გაუძლო ამ ქალბატონმა.
ასეთი ცილისმწამებლური სიუჟეტებით ადამიანებისათვის ლაფის შესხმა, მით უმეტეს, ისეთი ძალიან წესიერი ადამიანისთვის, როგორიც ვახტანგ გომელაურია, აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამ ადამიანის გამოყენება ხდება ეხლა იმისთვის, რომ ვახტანგ გომელაურს შეასხან ლაფი, ეს არის სწორედ ცილისწამება. მე ვფიქრობ, რომ ასეთი სიუჟეტები არის დემოკრატიის საწინააღმდეგო სიუჟეტი და წარმოადგენს მცდელობას წაიყვანოს საზოგადოებრივი აზრი არასწორი მიმართულებით.
რამდენიმე წყაროსთან გადავამოწმე ინფორმაცია, გუშინ გავიდა სიუჟეტი და საკმარისი დრო მქონდა დღის პირველ ნახევრამდე, რომ გადამემოწმებინა ეს საკითხი. თბილისი პატარა ქალაქია, ყველას აქვს თავისი სანაცნობო, საახლობლო და ასეთი ტიპის შემთხვევები არ იმალება. ფაქტია რომ ადამიანი წავიდა ოჯახიდან. ეს მისი პირადი საქმეა და არავის ესაქმება მის პირად ცხოვრებაში. მაგრამ ფაქტია, რომ პირადი პრობლემის გამოყენება ხდება იმისთვის, რომ ვახტანგ გომელაურს მიაყენონ ჩრდილი და ის მართლაც ძალიან კარგი საქმე ამოსვარონ ლაფში, რომელსაც ბატონი ვახტანგი აკეთებს“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.
რ2-ის ჟურნალისტის მტკიცებაზე, რომ ტელეკომპანიას მისცეს ინფორმაცია, რომლის გადამოწმებასაც სხვადასხვა წყაროებთან შემდეგში აპირებდნენ, სოფო კილაძემ უპასუხა: “სანამ ასეთ ცილისწამებას გაავრცელებდეთ, სჯობს, რომ წინასწარ გადაამოწმოთ და შემდეგ გაავრცელოთ. მესმის, რომ კითხვები უნდა დასვათ, მაგრამ მე თქვენს ადგილზე ჯერ გადავამოწმებდი, შემდეგ გავუშვებდი ასეთ სიუჟეტს, იმიტომ რომ ასე არ უნდა ხდებოდეს არასწორი მიმართულებით საზოგადოებრივი აზრის განვითარება.“
სოფო კილაძე გამორიცხავს პოლიტიკურ ოპონენტებზე კომპრომატების მოძიების მიზნით სუს-ში რაიმე დაჯგუფების შექმნას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები