საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოლდავეთს ეწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 9-10 ივლისს მოლდავეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია, სადაც ორმხრივ შეხვედრებს მართავს მოლდავეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მიხეილ ჯანელიძე ქ. კიშინიოვში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის” არაფორმალური დიალოგის მეცხრე შეხვედრაში მონაწილეობს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრას გამართავს მოლდავეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრთან, ანდრეი გალბურთან. შეხვედრის დასასრულს, ხელი მოეწერება საქართველოსა და მოლდავეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით გამოცემულ საფოსტო მარკებს, რის შემდგომაც  მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს მოლდავეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, პაველ ფილიპთან და პარლამენტის პრეზიდენტთან, ანდრიან კანდუსთან.
ქ.კიშინიოვში მიმდინარე წლის 10 ივლისს დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის” არაფორმალური დიალოგის შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი. ევროკავშირის მხარიდან – ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანი, ესტონეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კადრი სიმსონი, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჟან-კრისტოფ ბელიარდი. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის” დანარჩენი ხუთი ქვეყნის შესაბამისი უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები.
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება 2017 წლის 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის მოსამზადებელ პროცესზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები