პრემიერი ოკუპაციაზე: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან საუბრისას, ეს იყო ჩემი უმთავრესი თემა

ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც მიგვიყვანს საქართველოს ერთიანობამდე – რა თქმა უნდა მშვიდობით, მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოკუპაციის თემაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპაცია არის ძალიან მძიმე პრობლემა.
„შემიძლია გითხრათ, რომ ვცდილობ, ემოციის გარეშე ვუყურო იმ ბრალდებებს, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენი ხელისუფლების მიმართულებით, მაგრამ ეს თანდათან უფრო და უფრო ძნელი ხდება. ჩვენს ხელისუფლებას არც ერთი წუთი არ გაუტარებია, რომ ეს საკითხი არ ყოფილიყო ნომერ პირველი ჩვენს დღის წესრიგში.
ჩვენი ოპონენტები ამაზე ავრცელებენ ჩვენს პარტნიორებთან აბსოლუტურად უსაფუძვლო ჭორებს, თითქოსდა ჩვენ ეს საკითხი არ აგვაქვს პირველ საკითხად და მათი სხვადასხვა გამოკითხვის მეშვეობით ცდილობენ, ეს საკითხი გადაიტანონ მეორე, მესამე შრეში“,- განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენთან საუბრისას აღნიშნულია საკითხი უმთავრესი თემა იყო.
„აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან საუბრისას, ეს იყო ჩემი უმთავრესი თემა. მე იქ ხაზგასმით აღვნიშნე, ჩემი სიტყვები იყო – ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, არ დაიჯეროთ არც ერთი კვლევის, რომელიც აჩვენებს, რომ ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არის მეორე, მესამე ან უფრო ქვედა რიგის საკითხი. ყოველთვის, რაც არ უნდა მოხდეს საქართველოში, რანაირი წარმატებაც არ უნდა იყოს, ეს დარჩება ნომერ პირველ საკითხად ჩვენი მოსახლეობის ცნობიერებაში. მინდა, ეს თქვენ იცოდეთ, რადგან ეს არის სიმართლე. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ 135 სოფელი, როგორც ამას ცდილობს წარმოაჩინოს ოპოზიციის ნაწილი, დაკარგული გახლავთ არა მცოცავი ოკუპაციის, არამედ ოკუპაციის შედეგად. ოკუპაცია გახლავთ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ მძიმე მემკვიდრეობისგან გავათავისუფლოთ ჩვენი მომავალი თაობა. აუცილებლად გადავდგამთ ნაბიჯებს, რომელიც მიგვიყვანს საქართველოს ერთიანობამდე – რა თქმა უნდა მშვიდობით, მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით. არავითარ შემთხვევაში აღარ მივცემთ საშუალებას იმ ადამიანებს, რომლებმაც 26 წელი ჩაკეტილ წრეზე ატარეს ჩვენი ქვეყანა, ისევ ამ წრეზე შეგვიყვანონ. ეს გამორიცხულია. ძნელია, მაგრამ ცივი გონებით, ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც ამ პრობლემას მოაგვარებს”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები