არჩილ თალაკვაძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მნიშვნელოვანი ფორუმია, სადაც ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხებზე ვსაუბრობთ

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 26 ყოველწლიური სესია საკომიტეტო და პლენარული სხდომებით გრძელდება. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ხელმძღვანელობს, სესიის ფარგლებში ინტენსიურ მუშაობას განაგრძობს.
როგორც „კვირას“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ქართველმა კანონმდებლებმა საკომიტეტო სხდომებში მონაწილეობის პარალელურად სხვადასხვა დელეგაციის წევრებთან არაერთი ორმხრივი შეხვედრა გამართეს, რომელზეც საქართველოს მხარდამჭერი მესიჯები იქნა გაცხადებული.
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორუმია, სადაც გვეძლევა შესაძლებლობა ვისაუბროთ ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხებზე, ასევე დემოკრატიული რეფორმების გაზიარება მოვახდინოთ ჩვენი კოლეგებისთვის და პარტნიორებისთვის. საქართველოს მნიშვნელოვანი და მტკიცე მხარდაჭერა აქვს დასავლეთის სამყაროს მხრიდან. სესიის ფარგლებში ეუთო-ს წევრი ქვეყნის არაერთ წარმომადგენელს შევხვდით, რომელზეც ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებზე ვისაუბრეთ და ასევე გავაცანით ის გამოწვევები, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი, სოფიო ქაცარავა მეორე კომიტეტის მომხსენებლად ერთი წლის ვადით აირჩიეს, რაც საქართველოს წარმომადგენლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე დელეგაციამ იმუშავა რეზოლუციის პროექტის რამდენიმე ცვლილებაზე, სადაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხადასაჭერად დამატებითი აქცენტები გაკეთდა“, – განაცხადა დელეგაციის წევრმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია მნიშვნელოვანია იმით, რომ აქტიური განხილვები მიმდინარეობს უსაფრთხოების საკითხებზე და ეკონომიკური პარტნიორობის სისტემების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და ქვეყნებს შორის ნდობის აღდგენის საკითხებზე. ჩვენი ამოცანაა ყველას შევახსენოთ თუ რა ხდება საქართველოში, ამიტომ ჩვენი დელეგაციის მიერ შეტანილი საკითხი, რომელიც საბოლოოდ აისახება საბოლოო რეზოლუციაში, კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველას, რომ რუსეთს აქვს ვალდებულებები და ეს ვალდებულებები მან უნდა შეასრულოს, სხვა შემთხვევაში საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ძალიან მკაცრი“, – განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები