გიგი უგულავა: გამორიცხულია კონსტიტუციის პროექტის ერთიანი კენჭისყრის პირობებში რაიმეს მივცეთ ხმა

“თუ ხელისუფლება შეცვლის არსებულ პროპორციას, მე ვიტყვი, რომ ეს არის უკეთესი, ვიდრე დღევანდელი, მაგრამ გამორიცხულია, კონსტიტუციის პროექტის ერთიანი კენჭისყრის პირობებში, რაიმეს მივცეთ ხმა”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, უმცირესობამ 2020 წლის არჩევნებისთვის შერეულ საარჩევნო სისტემას იმ პირობით შეიძლება დაუჭიროს მხარი, თუკი მაჟორიტარების რაოდენობა შემცირდება, პროპორციულის კი გაიზრდება.
როგორც უგულავამ „იმედის“ ეთერში განაცხადა, „ევროპულ საქართველოს“ ხელიც რომ მოაჭრან, არ დაუჭერენ მხარს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმებას, მიწის თავისუფალი გაყიდვის აკრძალვას და სხვ.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არის სრულ იზოლაციაში, არის სრულიად მარტო, ესაუბრება თავის თავს და ცდილობს, ქანთარიასა და კობახიძეს შორის მიღწეული თანხმობა შემოგვასაღოს, როგორც რაღაც კონსენსუსი. ჩვენ პროპორციულ არჩევნებს ვუჭერთ მხარს, მეტიც, სულ რომ რაიმე თუნდაც პოზიტიურ ცვლილებაზე გადადგას ნაბიჯი – რისიც მე არ მჯერა – ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, კენჭისყრაში მივიღოთ მონაწილეობა, რადგან აქაც უმრავლესობამ გადაწყვიტა, ხელის გადაგრეხვით იაროს. უმრავლესობა გვეუბნება, აი, თქვენ ერთი კონსტიტუცია და ერთი კენჭისყრით ან კი თქვით და ან არა. არადა, ამ კონსტიტუციაში უამრავი სხვა საკითხია. „ევროპულ საქართველოს“ სულ რომ ხელი მოგვაჭრან, ჩვენ არ დავუჭერთ მხარს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმებას. სულ რომ ხელი მოგვაჭრან, ჩვენ არ დავუჭერთ მხარს მიწის თავისუფალი გაყიდვის აკრძალვას. ჩვენ არ დავუჭერთ მხარს იმ ქსენოფობიურ და რუსულ ნარატივში ჩამჯდარ ცვლილებებს, რომლითაც საზოგადოების ნაწილი კიდევ უფრო სტიგმატიზებული იქნება. ჩვენ არ დავუჭერთ მხარს ისეთ ცვლილებებს, რომელიც პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის შესაძლებლობას ართმევს შემდეგი არჩევნებისთვის. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი ჩაყაროს ერთ ქვაბში. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში. გამორიცხულია, ერთიანი კენჭისყრის პირობებში. ჩვენ რაიმეს მივცეთ ხმა“, – განაცხადა უგულავამ.
რაც შეეხება პროპორციული სიით გასულ დეპუტატებსა და მაჟორიტარებს შორის პროპორციის შეცვლას 2020 წლისთვის. პროპორციულის სასარგებლოდ, უგულავა მიიჩნევს, რომ ეს უკეთესი იქნება, ვიდრე დღეს არსებული სისტემა.
„შერეული სისტემა, რომელიც 90-იანი წლებიდან არსებობს, მოდიფიცირდა რამდენჯერმე. 2004 წელს 150-მდე შემცირდა დეპუტატების რაოდენობა, მაგრამ არა მაჟორიტარების. ამიტომ 2004 წლიდან ეს სისტემა კიდევ უფრო დამძიმდა. დღეს გვაქვს სისტემა, სადაც მაჟორიტარის ხვედრითი წილი არის გაზრდილი. ამიტომ ერთმანეთისგან ეს ორი სისტემა უნდა გაიყოს“, – აღნიშნა უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები