საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მე-8 რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლებს. კონფერენცია, რომლის თემაც „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების დაბრუნება და კიბერდანაშაულია“, მიმდინარე წლის 27-28 ივნისს გაიმართება.

პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) 1995 წელს დაარსდა და პროკურორთა ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 171 ქვეყნის 172 საპროკურორო უწყებას და 3000 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს. საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზაციული წევრია.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის კონფერენციას, რომელსაც 25 ქვეყნის გენერალური პროკურორები, მოადგილეები და სხვა რანგის თანამშრომლები ესწრებიან, საქართველოს პროკურატურა პირველად მასპინძლობს. წევრ ორგანიზაციებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმას სწორედ ასოციაციის რეგიონული კონფერენციები წარმოადგენს, რომელიც ასოციაციის სახელით და მხარდაჭერით, პერიოდულად მსოფლიოს 6 რეგიონში იმართება.

კონფერენციას 27 ივნისს, 10:00 საათზე გახსნიან პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი გერჰარდ იაროში და საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობას პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, გენერალური მდივანი, აღმასრულებელი დირექტორი, აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ასოციაციის გენერალური მრჩეველი, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პროკურატურების ხელმძღვანელი პირები მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები