საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე დასასწრებად სტრასბურგში მიემგზავრება

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, 26-30 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
სასესიო და საკომიტეტო სხდომებში მონაწილეობის პარალელურად, საპარლამენტო დელეგაცია მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
ასამბლეის საზაფხულო სესიაზე მსჯელობის მთავარი თემა ევროპაში არსებული ვითარება და მიგრაციის საკითხი იქნება. დებატებში მონაწილეობას ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი თორბიორნ იაგლანდი, ათენის მერი გიორგოს კამინისი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ნილს მუჟნიეკსი და შვედეთის იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრი მორგან იოჰანსონი მიიღებენ.
ასამბლეის წევრები მიგრაციის კრიზისის საპასუხო ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ ნაბიჯებს, ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას და მიგრანტთა ინტეგრაციის საკითხებს განიხილავენ.
სესიაზე დისკუსია გაიმართება საპარლამენტო ასამბლეაში ანგარიშვალდებულების პრინციპის აღიარებისა და აღსრულების შესახებ, რომელიც, თავის მხრივ, პოლიტიკურ კორუფციასთან ბრძოლასა და კორუფციის საპარლამენტო კონტროლს შეუწყობს ხელს. ასევე, დაგეგმილია მსჯელობა ბელარუსის რესპუბლიკაში არსებული ვითარებისა და თავისუფალ მედიასა და ჟურნალისტებზე პოლიტიკური გავლენის შესახებ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე ევროპაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ წარმატებებსა და გამოწვევებზეც იმსჯელებენ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიის მუშაობაში მონაწილეობას თამარ ჩუგოშვილთან ერთად, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები, დეპუტატები: სოფიო ქაცარავა, ირინე ფრუიძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი მიიღებენ.
(NS)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები