ოზურგეთში ადგილობრივ მეწარმეებთან და ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში, ოზურგეთში, ადგილობრივ მეწარმეებთან და ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული პროექტის – „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს. კერძოდ, სხვადასხვა სახელმწიფო-საგრანტო პროგრამების, DCFTA-ს გამოწვევებისა და პერსპექტივების, DCFTA-ს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული (SPS) მოთხოვნებისა და სხვა საკითხების შესახებ.
„დღეს, მრგვალი მაგიდის ფორმატში, მეწარმეებთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. ჩვენ მათ გავაცანით DCFTA-ით აღებული ვალდებულებები და ის სარგებელი, რომელიც ევროკავშირთან გაფორმებულ შეთანხმებას მოაქვს, ასევე, განვიხილეთ მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევები და პრობლემები. ასეთი სახის შეხვედრები სისტემატურად იმართება რეგიონებში და მიზნად ისახავს მეწარმეების ინფორმირების გზით, მათი ჩართულობის უზრუნველყოფას DCFTA-ს მიერ განხორციელების პროცესში“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნოდარ კერესელიძის თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრების დროს, ხდება პრობლემების იდენტიფიკაცია, რაც სახელმწიფოს წარმომადგენლებს ეხმარება შესაბამისი პოლიტიკის გატარებაში, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.
„გურიაში მეწარმეებს ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, განვუმარტეთ სახელმწიფოს როლი და საქმიანობა ამ საქმეში, როგორც საკანონმდებლო რეფორმების, ისე კონკრეტული მიზნობრივი პროგრამების კუთხით, რაც ხელს უწყობს წარმოების ეფექტურობას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას“, – აღნიშნა კერესელიძემ.
მეწარმეებთან გამართულ შეხვედრას გენადი არველაძესა და ნოდარ კერესელიძესთან ერთად, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები