მიქაელ ბოტკოველი: საეკლესიო წესით, არ შეიძლება სასულიერო პირი თავდები იყოს

„საეკლესიო წესით, არ შეიძლება სასულიერო პირი დაუდგეს თავდებად, რადგან ამას საეკლესიო კანონმდებლობა კრძალავს“, – ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის თავდებობის საკითხზე საუბრისას განუცხადა.
პატრიარქის მდივანმა ასევე განმარტა, ბრალდებული დეკანოზის თავდებით გათავისუფლების საკითხიც, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა პატრიარქთან შეხვედრისას ითხოვეს.
„ეს არის სამართლებრივი საკითხი, რა დროსაც სიტყვა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე თეოდორემ ითხოვა. მინდა შეგახსენოთ, რომ საეკლესიო წესით, არ შეიძლება სასულიერო პირი დაუდგეს თავდებად, რადგან ამას საეკლესიო კანონმდებლობა კრძალავს. ამიტომ, მეუფე თეოდორემ მართებული შენიშვნა გააკეთა ამასთან დაკავშირებით, რომ პატრიარქი ამას ვერ გააკეთებდა. საერთოდაც, მინდა გითხრათ, რომ თორნიკე მამალაძე პატრიარქთან აუდიენციამდე აცხადებდა, რომ ის პატრიარქისგან არაფერს ითხოვდა. მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ მათ ხან თავდებით გამოშვება ითხოვეს, ხან პატრიარქის საპყრობილეში მისვლა. ფაქტობრივად, ეს იყო თხოვნების მთელი ჩამონათვალი, რასაც ისინი პატრიარქს თხოვდნენ“, – განაცხადა მამა მიქაელმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, შეხვედრაზე გააკეთა თუ არა რაიმე მინიშნება მეუფე იაკობმა პატრიარქის მიმართ, ბოტკოველმა განმარტა:
„მეუფე იაკობს არაფერი მინიშნება არ გაუკეთებია. მეუფე იაკობის მიმართ მამალაძეების ოჯახის წევრების მხრიდან მუდამ იყო ცილისწამება, თითქოს მან დაგეგმა, რომ დღეს მამა გიორგი ციანიდის საქმეზეა საპყრობილეში. მეუფე იაკობს ამაზე არაფერი უთქვამს. მეუფე იაკობმა, როგორც საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ერთ-ერთ საკითხზე გააკეთა განცხადება. მან თქვა, რომ 50 მლნ ტრანზაქციასთან დაკავშირებით პატრიარქის მინდობილობა, კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობდა. ამას დაემოწმა მისი უწმინდესობა. ის ჩანაწერში ხაზგასმით ამბობს, „მე არ ვიცოდი არც 50 მლნ ევროს ტრანზაქციის შესახებ და არც 6 მლნ-ის შესახებ“. სხვაგვარად, როგორ უნდა გაეცა პატრიარქს პასუხი?!“, – დასძინა პატრიარქის მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები