მიქაელ ბოტკოველი: ჩვენ მზად ვართ ექსპერტიზისთვის და მივცემთ მათ ვიდეოჩანაწერის სრულ ვერსიას

„ჩვენ მზად ვართ ექსპერტიზისთვის – კი ბატონო, ჩვენ მივცემთ მათ ვიდეოჩანაწერის სრულ ვერსიას “, – ამ სიტყვებით პასუხობს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს, რომლებიც ვიდეოჩანაწერის ექსპერტიზას ითხოვენ.
როგორც ბოტკოველი განმარტავს, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი პატრიარქთან შეხვედრის აუდიოჩანაწერს დღესვე მიიღებს. „ჩვენ მზად ვართ ექსპერტიზისთვის – კი ბატონო, ჩვენ მივცემთ მათ სრულ ვერსიას. ჩვენ ასეთ წინდაუხედაობას გამოვიჩენთ და ჩანაწერს მონტაჟს გავუკეთებთ, რომ შემდეგ მოსახლეობის განხილვის საგნად ვაქციოთ? პატრიარქთან შეხვედრის სრული ვერსიაა. მათ შემოიტანეს განაცხადი, მოგვმართეს ოფიციალურად, როგორც წესია. დღის ბოლომდე დავაკმაყოფილებთ მათ თხოვნას და მათ მივცემთ ჩანაწერის სრულ ვერსიას“, – განაცხადა მამა მიქაელმა. დეკანოზი მიქაელი ასევე გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების განცხადებებს, რომ შეხვედრის დროს, სასულიერო პირები პატრიარქს საუბრის საშუალებას არ აძლევდნენ.
„ეს ბატონი თორნიკეს ინტერპრეტაციებია. შეხვედრის 60-70% დაეთმო თორნიკე მამალაძის საუბარს და ნახევარ საათში როგორ ვერ მოასწრო მან საკუთარი აზრის მიტანა მის უწმინდესობამდე, ძალიან მიკვირს?! რამდენიმესაათიან შეხვედრას ვერ გავმართავდით მისთვის!“, – განაცხადა პატრიარქის მდივანმა. მისივე თქმით, აუდიოჩანაწერში კარგად ჩანს, აწყვეტინებდნენ თუ არა პატრიარქს საუბარს. „ეს ყველაფერი გამოჩნდება ჩანაწერში. თქვენ თუ ობიეტურად შეხედავთ და არა მონტაჟით, როგორსაც ერთ-ერთი ტელევიზია ცდილობს წარმოაჩინოს დღეს. ასე თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, ვიღაცას შეიძლება განსხვავებული აზრი დარჩეს. ამიტომ, მოგეცით ჩვენ საშუალება, რომ სრულად შეისწავლოთ მთლიანი ჩანაწერი და შესაბამისი დასკვნები თქვენ და საზოგადოებამ გააკეთოთ“, – დასძინა დეკანოზმა მიქაელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები