„დიდი ტკივილის შემდეგ მოვიდა ჩემთან მუზა“ – როგორ მოქარგა სულიკო ნინიძემ „ყრმა ღვთისმშობელი“

ყველა მისი ნაქარგი ფაქიზესი და ნატიფი, დახვეწილი გემოვნებით არის შესრულებული…
დიდი ტკივილის შემდეგ შვება ხელოვნებაში ჰპოვა… ამბობს, რომ პატრიარქის კურთხევით იქმნება მისი ნამუშევრები.
ქარგავ, ზრუნავ ახლობლებზე, ფუსფუსებ ოჯახში… ნაქარგიდან ნაქარგამდე  მუზაც მოდის და  24 საათი ეცოტავება კიდეც ერთი დღისათვის.
რასაც აკეთებს, სიყვარულით იქმნება. უსიყვარულოდ არც ურთიერთობისა წამს და არც საქმე გამოდის მარილიანი.
ამბობს, რომ  გამოფენას და  წიგნის წარდგენას ერთად გეგმავ. – სულიკო ნინიძის პერსონა.

ლეგენდარული მოცეკვავეების თინა გომართელის და ვახტანგ ნინიძის ოჯახში დაბადებულს დასამახსოვრებელი ბევრი გექნებოდათ
– ხელოვანების ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ჩვენს ოჯახში ლეგენდარული ადამიანები სტუმრობდნენ, ქართული კულტურის კორიფეები. მათი ყოველი სტუმრობა, სულის ზეიმი იყო ხოლმე. მეხსიერების სკივრი, იმდენ ნათელ და გამორჩეულ დღეებს ინახავს, გამოყოფა მიძნელდება.
უცხო ენათა ინსტიტუ ფრანგულის სპეციალობით დაამთავრეთ. რატომ არ გაჰყევით თქვენს სპეციალობას? როგორ დაიწყეთ ქარგვა?
–  ინსტიტუტში მაშინ მოვეწყვე, როცა უკვე ორი შვილის დედა ვიყავი, ჰოდა, როგორც ხდება ხოლმე, ოჯახის ინტერესებმა გადაფარა პროფესია და სპეციალობა. მერე კი, 90-იანი წლების დისბალანსი ჩემს ცხოვრებაზეც აისახა, და რეალიზაცია იქ მოვახდინე, სადაც რეალობამ შემომთავაზა.
რაც შეეხება ქარგვას, ხელსაქმესთან შეხება ბავშვობიდან მქონდა. ბებო იყო  ოქროს ხელების პატრონი, მაგრამ სერიოზულად, დიდი ტკივილის შემდეგ მოვიდა ჩემთან მუზა და, მეც იმ დროიდან, 1995 წლიდან, დავიწყე ქარგვა.
შვილი გარდაგეცვალათამ დიდმა ტკივილმა შემოქმედებითი შთაგონება გააძლიერაალბათ თქვენი ცხოვრების ახალი პერიოდი დაიწყო
–  დიახ, ამ ტკივილმა მეტად დამაახლოვა უფალთან. ამ სიახლოვემ მაპოვნინა გზა შემოქმედებისაკენ და ამ შემოქმედებაში ვპოვე შვებაც.
სულ რამდენი ნამუშევარი მოქარგეთ და რომელს გამოარევდით?
–  25 ნამუშევარი მაქვს, ვერცერთს გამოვარჩევ, ყველა ნამუშევრის თემატიკა რელიგიურია და ამდენად, ერთნაირად ძვირფასია ჩემთვის.
ღვთისმშობლის ბავშვობა ულამაზესი ხატი, სიმღერა და გალობაა… როგორ მოქარგეთ ეს ტილო?
– ჩემი შვილთაშვილი, სესილია, 3 წლის რომ გახდა, მაშინ მოვუქარგე საჩუქრად „ყრმა ღვთისმშობელი”, სიმბოლური ფაქტია – დედა ღვთისაც ხომ 3 წლისა იყო ტაძრად მიყვანებისას.
სად ინახება თქვენი ნამუშევრები? ვიცი, რომ პატრიარქმა მოგცათ კურთხევა
– დიახ, პატრიარქის კურთხევით იქმნება ჩემი ნამუშევრები. პირველი ნაქარგი, „წმინდა გიორგი”, ფოკის დედათა მონასტერს შევწირე და ამჟამად დაბრძანებულია იქვე მდებარე პატრიარქის რეზიდენციაში. დანარჩენი ნაქარგები, სახლში და ჩემთვის ძვირფასი ადამიანების ოჯახებში ინახება.
როგორ მოდის შთაგონება?
– ჩემდაუნებურად, თავისთავად, ღვთის ნებით. ერთ ნამუშევარს რომ ვამთავრებ, უკვე ვიცი, რომელი იქნება შემდეგი.
თითქმის ყველა პოეზიის საღამოს ესწრებითთქვენდამიც არაერთხელ მოუძღვნიათ ლექსები. როგორც ვიცი, ამ ლექსების წიგნად გამოცემას აპირებთ
ლექსებიდან ვერცერთს გამოვყოფ. ყველა ლექსში ავტორის გულწრფელი ემოციაა და ერთნაირად ძვირფასია ჩემთვის. გამოფენას და წიგნის წარდგენას ერთად ვგეგმავ.
სიყვარული უკან რომ დაგაბრუნონ, რას შეცვლიდით?
– სიყვარული ჩემთვის მასშტაბური ცნებაა. უსიყვარულოდ არც ურთიერთობისა მწამს და არც საქმე გამოდის მარილიანი. სადილიც კი უგემური გამოვა, თუ უსიყვარულოდ გააკეთებ. წარსულს ვერც შეცვლი და ვერც დააბრუნებ, განვლილი შენია, სიხარულიც და ტკივილიც, კუთვნილი ჯვარი, ტკბილიც და მწარეც შენი საზიდია.
 ერთი დღე
– ჩემი ერთი დღე ძალიან ტევადია. ვქარგავ, ვზრუნავ ახლობლებზე, ვიხარჯები მეგობრებთან, ვფუსფუსებ ოჯახში, და, სიმართლე გითხრათ, 24 საათი მეცოტავება კიდეც ერთი დღისათვის.
თანამედროვე თბილისი ძველი თბილისიდან რაზე გწყდებათ გული?
–  ვისაც ძველი თბილისის ხიბლი ახსოვს, ვისაც მაშინდელ იტალიურ ეზოში უცხოვრია  (11 წლამდე ასეთ ეზოში ვიზრდებოდი), შეუძლებელია, თანამედროვე თბილისი არ სტკიოდეს. ერთი სიამოვნება იყო რუსთაველზე გავლა. ყველა სფეროს და ყველა ფენის წარმომადგენლები ერთად დასეირნობდნენ. დღევანდელმა თბილისურმა ყოფამ ოჯახებიც ჩაკეტა და იმ თბილისურ ურთიერთობებსაც მიუხურა კარი.
რა არის ბედნიერება?
– ბედნიერება, პირველ ყოვლისა, ჩემი ოჯახის და ახლობლების ჯანმრთელობაა. ზოგადად, ბედნიერი ცხოვრება არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ბედნიერი დღეები, საათები, წუთები…
ბედნიერებაა ჯანსაღი ურთიერთობები, მადლობა უფალს, რომ ასეთი ურთიერთობებით და მეგობრებით გამანებივრა. ბედნიერება ზოგჯერ წვრილმანებშია.
ფიქრობთ, რომ ყველაფერი უფლის ნებით ხდება?
– ბრძენკაცის ნათქვამია: „არა საქმე არ ეგების, რაც განგებას არა სწადდეს”, ამით ყველაფერია ნათქვამი..
– ოჯახიშვილი, შვილიშვილები, შვილთაშვილები გყავთ
–  უხერხულია საკუთარ შვილზე, შვილიშვილებზე საუბარი, მაგრამ ვამაყობ მათით. ყველანი პროფესიონალები, შემდგარი და რეალიზებული ადამიანები არიან, კარგი ოჯახებით. იმედი მაქვს, კიდევ უფრო წარმატებული მომავალი ელით.
– დაბოლოს, ერთი მიძღვნითი ლექსი – ჩვენი პორტალის მკითხველებისთვის…
– სიამოვნებით, გთავაზობთ  რუსუდან კაციტაძის ახალი ლექსს:

ეძღვნება სულიკო ნინიძეს                                                                 

მე ჩემსას ვიტყვი, ჩემსას გავხედნი სტრიქონს,
ჩემსას დავთესავ, ჩემსას მოვიმკი თაველს,
ჩემსას ვუმღერებ, რაც სიყვარულად მიხმობს,
მეგობრობას თუ უმშობლიურეს მთა-ველს.
ჰო, ჩემსას გეტყვი, ფოტოებს ვხედავ როცა,
ანცი წლებისას, ულამაზესი ქალის,
რომ მაჯადოებს ბედნიერების სხივი,
ხიბლი თვალებში ღიღილოსფერი ალის.
მაგრამ მუდმივად ვის გაახარებს ჟამი,
ლურჯი ცაც ზოგჯერ, ჩამოგვემხობა ავად,
გავუძლებთ ტკივილს, ოღონდ ავბედო, შვილებს,
ნუ შეუღებავ იმედიან დღეს შავად.
მაინც მტკივნეულს, შენსას შეეხო სიმებს,
რამდენს გაუძლოს, ერთი ციდაა გული,
წაიბორძიკე, ო, როგორ ცდილობს ეშმა,
მიწაზე დაგვცეს, ფხიზლად გვდარაჯობს კრული.
უნდა გადარჩე!! – შენში კიოდა დედა,
მოტეხილ ტოტზე, გადასარჩენად კვირტის,
ქალის ვალია, აღმართზე ჯვართან ერთად,
დაუჩივლებლად ზიდოს დედობის ტვირთი.
შენ არ დაეცი, სევდა ჩაკირე გულში,
და დაუზავდი არსთა გამრიგეს ნებით,
შემორჩენილი სითბო, ნამცვრევი სულის,
ალალად გაეც, ამოისუნთქე შვებით.
კვირტმაც იხარა, ხემაც გაშალა მხრები,
და ლამაზ მოდგმას, შენმაც უსაგზლა ლოცვამ,
გამორჩეულად გულმოწყალეა ღმერთი, 
ხატის წინაშე დედა ლოცულობს როცა.
მიუხედავად გულს ჩაკირული დარდის,
მაინც სიცოცხლით აამზიანე ერდო,
გამომიწოდე მეც სამეგობროდ ხელი,
არსება ჩემი, მაგ დაღლილ ხელებს ენდო.
„სულის სავანედ” იქცა კერია შენი,
შენ შენსას ქარგავ, მე ჩემსას ვამბობ სათქმელს,
ხან გავბავშვდებით, ბლის კუნწულებით ყურზე,
ხანაც ვუწამლებთ გაზიარებულ დარდებს.
სუსხმა თუ მძლია, სულს დამითბუნებ ვიცი,
დაგჭირდება და ჩემსას დაგითმობ ჩეროს,
არ მომბეზრდება, ამ ლურჯი ზეცის მადლმა,
სულდაღლილმაც კი, მეგობრობაზე ვწერო.
ჰოდა, ძვირფასო, მჯერა, დაგვაცლის ღმერთი,
ჩვენსას დავთესავთ, ჩვენსას მოვიმკით თაველს,
ერთად ვუმღერებთ, რაც სიყვარულად ითქმის,
ერთად მოვივლით, უმშობლიურეს მთა-ველს.

 

ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები