საქპატენტის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა
საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება და ეკოსისტემაზე ზრუნვა უკვე ტრადიციად იქცა. ეზოს მწვანე სივრცის განახლებისა და თანამშრომლებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის მიზნით, საქპატენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიას არაერთი ახალი დეკორატიული მცენარე და სხვადასხვა სახის მარადმწვანე ნერგი შეემატა. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამწვანების აქციაში მონაწილეობა საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგი აბუაშვილმა ერთობლივად მიიღეს. ღონისძიების ფარგლებში დაირგო: მწვანე გაშლილი კვიპაროსი, წითელი და მწვანე ნეკერჩხალი, ჯუჯა ვერცხლისფერი ნაძვი, ხვიარა ვარდი, ასევე, მწვანე პირამიდული და არიზონის კვიპაროსები.
“უწყების ტერიტორიაზე 2 წლის განმავლობაში ჯამში 200-მდე ყვავილოვანი და სხვა მარადმწვანე ხე მცენარეა დარგული, მათ შორისაა: ირმის რქა, ტუია ბრაბანტი, ჯუჯა ფიჭვი, ტუია რეინგოლდი, ლოროპეტალუმი, დეკორატიული შინდი, სირიული ვარდი, სურო, ცრუჟასმინი, ტუია (ბურთისებრი), ტუია გოლდენ გლობი, ცინერარია.
საქპატენტი მომავალშიც გააგრძელებს ოფისის მიმდებარე ტერიტორიის მწვანე სივრცის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებასა და გარემოზე ზრუნვას,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.