ლონდონმა პუტინი ბრიტანეთის მოქალაქის „ნოვიჩოკით“ მოწამვლაში დაადანაშაულა
რუსმა დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა 2018 წელს სოლსბერიში ბრიტანელი ქალის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“ მოწამვლის ოპერაციის ნებართვა გასცა, – ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული საჯარო გამოძიების შედეგებშია ნათქვამი, რომლის შესახებ Financial Times-ი იუწყება.
აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ლორდ ენტონი ჰიუზის ანგარიშის თანახმად, 44 წლის დონ სტარჯესის გარდაცვალებაში რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოა პასუხისმგებელი. ქალმა სუნამოს ბოთლიდან „ნოვიჩოკის“ შემცველი სითხე შეისხურა.
გამოძიების თანახმად, რუსეთის სამიზნე ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი იყო, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაიქცა. ის და მისი ქალიშვილი, იულია, 2018 წლის მარტში მომხდარი მკვლელობის მცდელობის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
გამოცემამ დასძინა, რომ გამოძიების შედეგების გამოქვეყნებიდან მალევე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა რუსული GRU-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი „ყოველთვის დაუპირისპირდება პუტინის მკვლელ მანქანას“.