ბიზნესმენი გელა ბარკალაია საგურამოში ჩატარებული ოპერატიული სამუშაოსთვის შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძეს და პოლიციის მთელ სისტემას მადლობას უხდის.
მისი თქმით, ვერ წარმოედგინა, თუ საქართველოში პოლიცია ასე იმუშავებდა.
„მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ის ინფორმაცია, რომელიც ძალიან აინტერესებს და გაჟღერდა სხვადასხვა ჟურნალისტების მიერ. გუშინწინ, დილით, 11 საათზე, ჩემს აგარაკზე, საგურამოში შეიჭრა ორი თუ სამი პიროვნება, სავარაუდოდ, დაყაჩაღების მიზნით. ჩვენ გვყავს ოჯახი, რომელიც საგურამოში უვლის [აგარაკს], დიდი ხანია იქ ცხოვრობენ. სახლში მამაკაცი იმყოფებოდა, სასტიკად სცემეს და ძალიან ვწუხვარ. შემდეგ ყაჩაღები გაიქცნენ. სახლი, როგორც პოლიციის თანამშრომლები მეუბნებიან არის არეულ-დარეული, გაჩხრეკილი. 11 საათზე მოხდა ფაქტი, მე მივედი 12 საათზე და პოლიციას უკვე მუშაობა ჰქონდა დაწყებული… რომ მივედი ბევრი პოლიციელი იყო, მთელი საგურამო იყო გადაკეტილი. მითხრეს, რომ ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად გავხსნითო.
წარმოიდგინეთ, 12 საათზე მუშაობა დაიწყო და ღამის 11 საათზე ის ადამიანები ყველა სხვადასხვა ქალაქში იყო დაკავებული. მე, გელა ბარკალაიას რა არ მინახავს, მაგრამ პოლიციის ასეთი მუშაობა ჯერ ნანახი არ მაქვს. რომ შევხედე ახალგაზრდა ბიჭების მუშაობას, ამერიკულ ფილმებში მეგონა თავი. გაოგნებული ვიყავი და თვალებს ვერ ვუჯერებდი თუ რას აკეთებდნენ ისინი. პოლიციამ ალბათ, იმუშავა ისე, როგორც ამერიკულ ფილმებში მაქვს ნანახი.
საქართველოს ბოლო 10-20 წლის განმავლობაში მინისტრი, ნამდვილი პოლიციელი, პოლიციელის ოჯახიდან არ ჰყოლია. როცა გეკა გელაძე დაინიშნა შს მინისტრად დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ბევრ კარგ საქმეს გააკეთებდა ქვეყნისთვის. ხედავთ ყოველდღე რამდენ ნარკომანს იჭერენ და რამდენი წამალია ამოღებული. ეს ხდება ბატონი გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, ვინაიდან ეს ადამიანი არის ნამდვილი ჩეკისტი და თავის საქმის პროფესიონალი. მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო ასეთი ორგანიზებისთვის. ვერც კი წარმომედგინა, რომ საქართველოში პოლიცია ასე იმუშავებდა.
მინდა მადლობა გადავუხადო მცხეთა-მთიანეთის სამხარეო პოლიციის უფროსს, ბატონ თეიმურაზ კალანდაძეს, რომელსაც ერთი წუთი არ დაუსვენია სანამ ეს საქმე არ გაიხსნა. მე წამოვედი და საღამოს რომ მივაკითხე ეს პიროვნებები ყველანი იქ იყვნენ.
მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საგურამოს პოლიციის უფროსს, ირაკლი გაბუნიას. ის იმ წამიდან იქ იმყოფებოდა და სანამ ეს საქმე არ დასრულდა არ მოშორებია საგურამოს და ჩვენ სახლს.
მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს. მინდა ყველა პოლიციელს, ვინც ამ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.
ზოგჯერ არის რომ ვიღაცები პოლიციელებზე განაწყენებულნი არიან, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი დღე რომ პოლიციამ საქართველოში არ იმუშაოს, მეორე დღეს როგორ ქვეყანაში გავიღვიძებთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა პოლიციის მთელ სისტემას დიდი მადლობა გადავუხადო ასეთი ოპერატიული მუშაობისთვის. დანარჩენ ინფორმაციას მოგაწვდით. საგანგაშო არაფერია, ყველა დაკავებულია, დაზარალებული საავადმყოფოშია, მაგრამ ალბათ ხვალ-ზეგ გამოწერენ“, – განაცხადა გელა ბარკალაიამ.
ცნობისთვის, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.