წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 2025 წლის გაწვევის პროცესი დასრულდა
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 2025 წლის გაწვევის პროცესი წარმატებით დასრულდა, თავდაცვის ძალების მიერ მოთხოვნილი გეგმა სრულად შესრულდა. გაწვეულ წვევამდელთა ნახევარზე მეტმა ნებაყოფლობით გამოთქვა სურვილი იმსახუროს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2025 წლის ბოლო, მეოთხე ნაკადის წვევამდელები, სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი მომზადების ცენტრში სამხედრო მომზადებას გაივლიან. ახალქალაქში გამგზავრებამდე, ისინი შეიკრიბნენ სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონულ განყოფილებებში, სადაც სამხედროებისგან მითითებები მიიღეს. წვევამდელებს ოჯახის წევრებთან დამშვიდობების საშუალებაც ჰქონდათ.
“საწყისი მომზადების ცენტრში წვევამდელებს სამხედრო აღჭურვილობა გადაეცათ. საწყისი საბრძოლო მომზადების 8-კვირიანი კურსის განმავლობაში წვევამდელები გაივლიან საცეცხლე, სამედიცინო, საინჟინრო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას, ასევე შეისწავლიან კავშირგაბმულობისა და ტოპოგრაფიის საკითხებს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, წვევამდელები ფიცს დადებენ და, ტერიტორიული პრინციპით, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს 8-თვიანი ვადით გაივლიან,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.