ისან-სამგორის პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსი გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ლიბერალის“ ვებგვერდზე ვიდეოკადრების გამოქვეყნების შემდეგ, რომელზეც პოლიციის განყოფილებაში შოთა პაკელიანის გაშიშვლებისა და ზეწოლის ამსახველი კადრებია ასახული, ისანი-სამგორის მე-7 განყოფილების უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
“2017 წლის 23 მარტს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შოთა პ. დააკავეს. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შოთა პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პოლიციის განყოფილებაში დაკავებულის პირადი ჩხრეკისას განხორციელებულ პროცედურებთან დაკავშირებით, გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით პროკურატურა აწარმოებს. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
„ლიბერალს“ წყარომ ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები მიაწოდა. წყაროს განცხადებით, მასში ასახულია, რა გარემოებებში ხდება შოთა პაკელიანის ჩხრეკა, შემდეგ – მისი გაშიშვლება.
შოთა პაკელიანი 2017 წლის 23 მარტს დააკავეს. ის პოლიციელებს „ბიოს“ ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებდა. დაკავებისა და ჩხრეკის ოქმის მიხედვით, პაკელიანი აღნიშნული განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლებმა – ირაკლი ქიტოშვილმა და გურამ კასრაძემ დააკავეს. როგორც წყარო აღნიშნავს, პაკელიანის ცემის ამსახველი კადრები არ არსებობს, ვინაიდან ოთახში, სადაც ის სცემეს, კამერები დამონტაჟებული არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები