დავით ნარმანია: პეკინის გამზირის გზის რეაბილიტაციის პროექტი 10 სექტემბრამდე დასრულდება

თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, პეკინის გამზირის გზის რეაბილიტაციის პროექტი 10 სექტემბრამდე დასრულდება.
დედაქალაქის მერი პეკინის გამზირზე იმყოფება, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
„აღნიშნულზე დაყრდნობით უკვე დაიკეტა პეკინის გამზირის ერთი მხარე, შესაბამისად, მოძრაობა გახდა ცალმხრივი. ამაღამვე დაიწყება გზის დაზიანებული საფარის მოხსნის სამუშაოები. ხვალ დილიდან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაიწყებს სამუშაოებს. მოძრაობასთან დაკავშირებით ხვალ დილიდან იქნება შეზღუდვები. შესაბამისად, მძღოლებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად თავი აარიდონ ამ მიმართულებით მოძრაობას და გადაადგილდნენ ალტერნატიული მარშრუტებით, რათა არ შეიქმნას დისკომფორტი და გაგებით მოეკიდონ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები გარკვეულ შეზღუდვებთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, შტაბის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში იწარმოებს.
„სამუშაოები ისეთნაირად უნდა ვაწარმოოთ, რომ დისკომფორტი მინუმუმამდე დავიყვანოთ როგორც მძღოლებისთვის, ისე მოქალაქეებისთვის და პროექტი უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად ხარისხიანად, ევროპული სტანდარტების სრული დაცვით. ვფიქრობთ, რომ გეგმა- გრაფიკის მიხედვით პროექტი თავიდან ბოლომდე ყველაზე მაქსიმუმ 10 სექტემბრამდე უნდა დავასრულოთ“, – აღნიშნა ნარმანიამ.
მერის განცხადებით, გზის აღდგენისა და ტროტუარის კეთილმოწყობისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები