დავით საგანელიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო

 საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო.
როგორც „კვირას“ საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტექნოპარკში, კერძო სექტორისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს ახალი საინვესტიციო პროექტი გააცნო.
პროექტი მიზნად თბილისსა და ქუთაისში ლოჯისტიკური ცენტრების განვითარებას ისახავს.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განხორციელების ხელშეწყობის პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი (პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით) საქართველოში ლოჯისტიკის დარგის განვითარებას ითვალისწინებს.
,,ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ საქართველოს მთავრობა კონცენტრირებულად დებს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის. გვესმის, რომ მოსახლეობის მობილურობა არის ის ელემენტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. ასევე, გვესმის, რომ ჰაბის ფუნქცია, ჩვენი პატარა და ღია ეკონომიკისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ ზრდას. ყველას კარგად გვესმის, იმ რეგიონში, რომელშიც საქართველოს ეკონომიკა ფუნქციონირებს და ჩვენი ბევრი სავაჭრო პარტნიორი ასე თუ ისე სხვადასხვა ხარისხით იცავს თავის ბაზარს, ვერ ვხედავთ მსგავსი მიდგომის განმეორების შესაძლებლობას ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ, ვცდილობთ, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებით გადავლახოთ ის გამოწვევები, რომელიც ამ პატარა და ღია ეკონომიკას გააჩნია. შესაბამისად, ტრანზიტული ფუნქცია, ჰაბის ფუნქცია, ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან ეკონომიკური ზრდის ძირითადი ფაქტორი უნდა იყოს სერვისზე ორიენტირებული ეკონომიკა, ის ბიზნესგარემო, რომელიც ჩვენ უნდა შევქმნათ ქვეყანაში, რათა ხელი შევუწყოთ დიდ ეკონომიკებს შორის ვაჭრობას. გარდა ამისა, ექსპორტი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ლოჯისტიკური ცენტრები ექსპორტს და საექსპორტო პოტენციალის ზრდასაც შეუწყობენ ხელს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს, რომელიც ინიციატივას გამოეხმაურა და ერთი მილიონი საგრანტო კონტრიბუციით, ხელი შეუწყო კვლევის ჩატარებას.
,,პროექტი ფაზების მიხედვით განვითარდება. ჩვენ შემდგომ ეტაპზე გამოვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას, რომელზეც კერძო სექტორი იქნება მოწვეული და მათ საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული პროექტის განვითარებაში”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა. საქართველოში ორი თანამედროვე ლოჯისტიკური ცენტრის განვითარების მიზნით, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება შემუშავდა. დოკუმენტი ცნობილმა გერმანულმა კომპანია Dornier Consulting International-მა მოამზადა.
,,ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი მსოფლიო ბანკმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით მოამზადა. ჩვენ გთავაზობთ საქართველოში ორი თანამედროვე ლოჯისტიკური ცენტრის განვითარების კონცეფციას: ერთი არის თბილისთან ახლოს, რომელიც ადგილობრივ და რეგიონულ მოთხოვნებს მოემსახურება, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებს – აზერბაიჯანსა და სომხეთს, მეორე კი საქართველოს დასავლეთ ნაწილში, ქუთაისში იქნება განთავსებული”,- განაცხადა მარტინ ბოთიმ კომპანია ,,დორნიეს“ დირექტორმა ლოგისტიკის საკითხებში.
ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის შესაბამისად, შეირჩა ორი საუკეთესო ლოკაცია – ერთი აღმოსავლეთ საქართველოში, სოფელ კუმისთან და მეორე დასავლეთში, ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ. ასევე მომზადდა თითოეული ლოჯისტიკის ცენტრის კონცეპტუალური დიზაინი, ბიზნესმოდელი, გაკეთდა ბაზრის ანალიზი, სოციალური და გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ოპერირების ოპტიმალური მოდელი, განისაზღვრა დასაქმებულთა რაოდენობა და საჭირო კვალიფიკაცია.
,,მინდა, აღვნიშნო, რომ პროექტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის თანამიმდევრული პოლიტიკის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გამოყენებას და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულად რეალიზებას. ამ მიზნის მისაღწევად, როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა – აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ზემოხსენებული პროექტები შექმნიან სინერგიის ეფექტს ქვეყნის სატრანზიტო-ლოჯისტიკურ ჰაბად გარდაქმნის მიზნით”,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
თბილისის ლოჯისტიკური ცენტრის ჯამური ღირებულება შეადგენს 80.3 მილიონ აშშ დოლარს, ქუთაისის ლოჯისტიკური ცენტრის ჯამური ღირებულება კი – 72.5 მილიონს.
ლოჯისტიკური ცენტრების განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში ლოჯისტიკური მომსახურების, მათ შორის, დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარებას, გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოჯისტიკურ პოტენციალს, ასევე, წაახალისებს ექსპორტს. ამასთან, ორივე ლოჯისტიკურ ცენტრში ჯამურად შეიქმნება 800-ზე მეტი პირდაპირი ახალი სამუშაო ადგილი და ქვეყანა მიიღებს დამატებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს მთავრობის სახელით, ახლო მომავალში გამოაცხადებს ინტერესთა გამოხატვას თბილისისა და ქუთაისის ლოჯისტიკური ცენტრების მშენებლობის მიზნით. ყველა დაინტერესებულ კომპანიას ან კომპანიათა ჯგუფს (კონსორციუმი) შესაძლებლობა ექნება, შემოიტანოს განაცხადი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პირობებით. ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი გამოქვეყნდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე: www. economy.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები